სოზარ სუბარი - მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 50-მდე ადამიანი უკვე გამოკითხულია და კვლევისთვის ნიმუშებიც აღებულია
ჯერჯერობით, სინჯებზე პასუხები არ გვაქვს, თუმცა, მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან კავშირში მყოფი 50-მდე ადამიანიდან არც ერთს არ აღენიშნებოდა საეჭვო სიმპტომები, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„პირველ რიგში, დაიწყო გამოკითხვა და ნიმუშების აღება ყველა იმ ადამიანისა, ვისთანაც დაინფიცირებულ ქალბატონს ჰქონდა კავშირი. დაახლოებით, 50-მდე ნიმუშია გადმოგზავნილი თბილისში. ჯერჯერობით, პასუხები არ გვაქვს. თუმცა, არც ერთს არ აღენიშნებოდა სიმპტომები, რომელიც შეიძლებოდა, საეჭვო გამხდარიყო და იმედია, ამ შემთხვევაში არანაირი დაავადება არ იქნება. იდენტიფიცირებულია ასამდე ადამიანი, ვისთანაც 62 წლის ინფიცირებულს კავშირი ჰქონდა და აქედან, დღეს უკვე დასრულდა 50-მდე ადამიანის გამოკითხვა ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში როგორც ტელეფონით, ისე უშუალოდ ადგილზე მისვლით გამოიკითხება ყველა ოჯახი, აღენიშნებათ თუ არა მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
„თუ საეჭვო ვითარება იქნება, ამ შემთხვევაში ადგილზე შემოწმება იწყება. თუ საჭირო გახდა, შეიძლება, იყოს პირველადი ტესტირება, ასევე ღრმა ტესტირება“,- განაცხადა სუბარმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, სად იმყოფებიან ამჟამად ინფიცირებულ პაციენტთან პირდაპირ კონტაქტში მყოფი ადამიანები, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილზეა, მარნეულსა და ბოლნისში.
„მათთან კონტაქტი დამყარებულია. 50-მდე ადამიანი უკვე არის გამოკითხული და მათი ნიმუშებიც აღებულია. 17 ადამიანია, ვისთანაც ამ წუთამდე ვერ მოხერხდა კონტაქტის დამყარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე თითოეული მათგანი გვეცოდინება“, – განაცხადა სუბარმა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს რეგიონის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით შეხვდა.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევებში სწრაფი ტესტების გამოყენება, რათა საეჭვო კონტაქტები დროულად გამოვლინდეს, სუბარმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტები ყველაგან იქნება გამოყენებული, მაგრამ, პირველ რიგში, გამოიყენება იქ, სადაც ამჟამად ყველაზე მეტი საფრთხეა.
„ბუნებრივია, სწრაფი ტესტები, პირველ რიგში, ყველა იმ პირზე იქნება გამოყენებული, ვინც საეჭვოა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.