საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, მარნეულში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა.
როგორც სოზარ საუბარმა განაცხადა, მარნეულში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და პურის საცხობებისა.
„მარნეულში სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად, პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ, თუმცა ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ ავტობუსები, მიკროავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები. ყველა ჯგუფში არის თითო ექიმი. ეს ჯგუფები განკუთვნილია, რათა თითოეულ ოჯახში შევიდნენ. თავადაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა და უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და, სადაც ჰქონდათ კონტაქტები. შემდეგ გადავლენ დანარჩენ მოსახლეობაზე. მოხალისეთა ჯგუფების შექმნა გრძელდება. ისინი დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებულებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა ის აუცილებელი საჭიროება, თუკი ასაღები აქვთ პენსია და არის ადამიანი ასაკოვანი, მათ ნაცვლად წავლენ, მოემსახურებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მარნეულში მყოფი მოხალისეები ადგილობრივები არიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.