სოზარ სუბარი - მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე პრობლემა არ შეექმნებათ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმისათვის, რომ მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდეს, სოციალური დისტანცირების დაცვით მოხდება ადამიანების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გასვლა და მუშაობა.
ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ახლა არის ყველაზე დაძაბული პერიოდი და ვაკეთებთ ისე, რომ არ შეექმნას მოსახლეობას საფრთხე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ ჩავარდეს. ამისთვის მათ ექნებათ საშუალება, წავიდნენ მინდორში. ოღონდ უნდა წავიდნენ სოციალური დისტანცირების დაცვით, მარტო წავა და მარტო მოვა, იმუშავებს და ამაში ადამიანს არ შეეშლება ხელი. ყველა სხვა ეკონომიკური აქტივობა იქნება შეზღუდული, ცხადია, სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიების გარდა.
რადგანაც ეს არის რეგიონული, რომლის შემოსავლის მთავარი წყარო არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გაყიდვა, თანაც ეს მნიშვნელოვანია სხვა რეგიონებისთვისთვისაც, მათ შორის დედაქალაქისთვისაც, გავაკეთებთ ისე, რომ იქიდან პროდუქციის უსაფრთხო წამოღება იყოს უზრუნველყოფილი “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის გამოცხადება კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის ქალის შემთხვევას უკავშირდება, რომლის დაავადების წყარო ზუსტად დადგენილი არ არის.
„დღემდე ყველა შემთხვევაში ვიცოდით, რომ ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი და გადმოკვეთა უკვე დაინფიცირებულმა, ან ვისაც მისგან გადაედო, ანუ წრე იყო ძალიან მკაფიოდ შემოსაზღვრული. ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც სავარაუდო ადამიანი, ვისგანაც შესაძლოა ამ ქალბატონს გადაედო, ზუსტად დადგენილი არ არის და არ ვიცით წყარო. საკმაო ხანი გავიდა, სანამ ეს ადამიანი მიაკითხავდა ექიმებს და ამ ხნის განმვლობაში მას ჰქონდა ძალიან ბევრი კონტაქტი. ძალიან ბევრია იმ ადამიანების წრე, ვინც შეიძლება, მისგან დაინფიცირებულიყო და მის შემდგომ დაინფიცირებულთა რაოდენობაც არ ვიცით.
სწორედ ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ორი მუნიციპალიტეტი – მარნეული და ბოლნისი, მოექცეს შედარებით მკაცრი კარანტინის ზომების ქვეშ. ეს ორი მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ ქალბატონი არის მარნეულიდან, მაგრამ სარიტუალო სუფრა, რომელზეც ის იმყოფებოდა, არის ბოლნისის რაიონში. სწორედ ეს ორი რაიონი არის ამ წუთისთვის ყველაზე მეტი გავრცელების საფრთხე“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ამ მკაცრ საკარანტინო ზომებში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ მუნიციპალიტეტები გადაიკეტება და იქ არავინ არ შევა და არ გამოვა.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტების შიგნით იმოძრავებენ ჯგუფები, რომლებშიც შევლენ ექიმები და კარგად აღჭურვილი დატრენინგებული ადამიანები.
მისი თქმით, აღნიშნული ჯგუფები აღჭურვილი იქნება თერმომეტრებით, ასევე ყველა საჭირო ინვენტარით.
„ყველა ოჯახში მივლენ და სადაც საჭიროება გამოჩნდება, ჩატარდება სწრაფი ტესტირება. სადაც გამოჩნდება, რომ სწრაფი ტესტირების შედეგად საეჭვო პასუხი იქნება, მათ ჩაუტარდებათ უფრო ღრმა ტესტირება. შემდეგ ჩატარდება უკვე მკურნალობა, თუ ამის საჭიროება გამოვლინდა“, – განაცხადა სუბარმა.