სოზარ სუბარი - მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეებს გააზრებული აქვთ, რომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის
მარნეულსა და ბოლნისში მოქალაქეებს გააზრებული აქვთ, რომ ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ცხოვრება გრძელდება, მთლად ჩვეული რიტმით არა, მაგრამ მაინც ნორმალურ ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მარნეულსა და ბოლნისში არის სიმშვიდე.
„პირველი დღის გაურკვევლობამ გაიარა და მოქალაქეებს შეგნებული აქვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ცხოვრება გრძელდება, მთლად ჩვეული რიტმით არა, მაგრამ მაინც ნორმალურ ფარგლებში. ითქვა, რომ გუშინ, 20 ათასი ადამიანი შემოწმდა, გამოიკითხა. დაბალი სიცხე მხოლოდ 25 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ორი საეჭვო სიმპტომებით იყო, თუმცა ორიდან ერთი უკვე გაწერილია, მეორეს სავარაუდოდ, სახლში მალე გაუშვებენ, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებები არ არის. ქალბატონი, რომელიც ამ შემთხვევაში გახდა წყარო, მისი 90 კონტაქტიდან ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და ჯერ მხოლოდ ოთხი ადამიანია, ვისაც ვირუსი აღმოაჩნდა, დანარჩენზე პასუხი უარყოფითია. ისევე, როგორც უარყოფითია პასუხი სამ უცხოელზე, რომლებიც იყვნენ მძღოლები, ამ რეგიონში ტრანზიტულად მოხვდნენ და გარკვეული სიმპტომები ჰქონდათ, რაზეც შეიძლება გვეფიქრა, რომ იყო ამ დაავადების სიმპტომები. უარყოფითია ასევე პასუხი ჩვენი ქვეყნის ერთ მოქალაქეზე, რომელსაც მოგზაურობის ისტორია თურქეთში ჰქონდა, ისიც არის მძღოლი, გადამზიდავი, მასაც ჰქონდა სიმპტომები, მაღალი სიცხე, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვეულებრივ დაავადებასთან და ეს არ ეხება კორონავირუსს, რაც არის დადგენილი“, – განახადა სოზარ სუბარმა.