სოზარ სუბარი - მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე
მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის და პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა – საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები.
სოზარ სუბარის განცხადებით, ექიმები და ავადმყოფები, რომელთაც შესაძლოა, თბილისში ან სხვა რეგიონებში სჭირდებოდეთ მკურნალობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.
„დილით ჩასული ვიყავი მარნეულში, რათა ადგილზე მენახა სიტუაცია, შემდეგ ჩამოვედი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად, თუმცა ყოველწუთიერი კონტაქტი გვაქვს. შექმნილია ადგილზე სამუშაო შტაბი. პირველი დღეა და ამიტომ, გაუგებრობები ბევრია, მოსახლეობაშიც, თუმცა საერთო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდა ამ ვითარებას, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის მათი ჯანმრთელობისთვის. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტიდან არიან იქ შემთხვევით მოხვდნენ. ითხოვენ გამოყვანას. ბუნებრივია, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ მათ მოუწევთ ორკვირიანი კარანტინის გავლა და ისინი ვერ დატოვებენ ტერიტორიას. მუშაობს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა – საცხობები, ბანკები, საავადმყოფოები, ექიმები და ავადმყოფები, რომელთაც შეიძლება თბილისში ან სხვა რეგიონებში შეიძლება სჭირდებოდეთ მკურნალობა, დაუბრკოლებლად შედიან და გამოდიან, ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც არის ჯანდაცვის სპეციალისტებისგან. სოფლის მეურნეობის სამუშაოებზე მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ და დაცული იყოს შესაბამისი უსაფრთხოების წესები. მცირე პრობლემა შეიქმნა ბენზინგასამართ სადგურებზე დილიდან, მაგრამ ეს პრობლემაც ამ წუთისთვის გვარდება, რადგან ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ასევე შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.