სოზარ სუბარი - „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში იყო „ჩაშვება“ ქართული „ენჯეოების“, რომლებიც ითხოვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ეს არის ქართველი ხალხის და სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი მტრობა
„მაკკეინის ინსტიტუტი“ ბოლო წლებში გამოირჩევა ყველაზე მეტად აგრესიული ანტიქართული განცხადებებით და ქმედებებით, ქართულ აგენტოკრატიასთან ერთად, რომელსაც წარმოადგენენ ოპოზიცია და „ენჯეოები“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში პრაქტიკულად იყო „ჩაშვება“ ქართული „ენჯეოების“, რომლებიც ითხოვენ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
„ეს არის პირდაპირი მტრობა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ისევე როგორ თავის დროზე გიორგი კანდელაკი დარბოდა, რომ საქართველოს არ მიეღო ჯერ ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ – უვიზო მიმოსვლა. ზუსტად ისე, როგორც დარბოდნენ ბოლო წლებში ქართველი ოპოზიციონერები, რომ საქართველოს არ გაეფორმებინა ევროკავშირთან კანდიდატის სტატუსზე ხელშეკრულება, ახლა ასე დარბიან ქართველი „ენჯეოშნიკები“, უცხოური აგენტურა „ენჯეოებში“ ჩანერგილი, და ითხოვენ, რომ საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ეს არის არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რითიც ისინი ყოველთვის გამოირჩევიან. ზოგადად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში გამოირჩევა დაუფარავი მცდელობით, უხეშად ჩაერიონ საქართველოს არჩევნებში, ქართველი ხალხის არჩევანში. არა მხოლოდ ჩაერიონ, არამედ იმ შემთხვევაში, თუ მათთვის არასასურველ შედეგს მიიღებენ, და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია არჩევნებს წააგებს, ამ შემთხვევაში როგორ მოახერხონ, რომ ეჭვი შეიტანონ არჩევნების ლეგიტიმურობაში, მოახდინონ დელეგიტიმაცია არჩევნების შედეგების, ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში და მიაღწიონ ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებს. ეს ყველაფერი არ მოხდება, რადგან ვერანაირი სადამკვირვებლო მისია ვერ შეძლებს, დარღვევა აღმოაჩინოს არჩევნებში, იმდენად კარგად არის გაწერილი პროცედურები და იმდენად მკაფიოდ არის გამოხატული ქართველი ხალხის ნება წინასაარჩევნო პროცესში, ასევე გამოხატული იქნება არჩევნების დღესაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს.