სოზარ სუბარი - კონსტიტუციური ცვლილებები დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებასა და მომავალს, ჩვენს შვილებს
ჩვენ განვიხილავთ კანონპროექტს, რომელსაც ჰქვია „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. იგი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის გარკვეული ღირებულებების დაცვა და ეს ღირებულებები არის ოჯახი, ეს ღირებულებები არის ჩვენი არასრულწლოვანები, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ზუგდიდში.
მისი თქმით, დღეს დაახლოებით ათი მილიონი ბავშვი იზრდება ერთი და იმავე სქესის ადამიანების მიერ შექმნილ ოჯახებში, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დაახლოებით ორჯერ, ზოგ შემთხვევაში, სამჯერ მეტიც არის ფსიქიკური და ემოციური გადახრები იმ ბავშვებში, რომლებიც ასეთ ოჯახებში იზრდებიან.
„ეს ბავშვები სრულწლოვანები როცა ხდებიან, როდესაც მათ მოუნდებათ ისაუბრონ თავის გადატანილ ტრავმებზე, ბავშვობაში გადატანილ ტკივილზე, უცებ აღმოჩნდება, რომ ყველა საშუალება ამისთვის ჩაკეტილია – სოციალური ქსელები, მედია, რადიო, და ა. შ. უცებ აღმოჩნდება, რომ სწორედ ადამიანის უფლებები არ არის დაცული იმ ქვეყნებში, სადაც ძალას იკრებს ეს ლგბტ პროპაგანდა და სადაც მისი ლობი ძალიან აქტიურად მუშაობს. ადამიანს არ ეძლევა თავისი აზრის, შეხედულების, პირადი განცდილის გამოხატვის უფლება. ერთი მხრივ, ირღვევა ბავშვის უფლება, მეორე მხრივ, ირღვევა გამოხატვის თავისუფლება, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს, რა ტკივილთან არის დაკავშირებული, როდესაც ასეთ ოჯახებში იზრდებიან ბავშვები. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვა კი არ ხდება, არამედ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის ბრძოლა“, – აღნიშნა „ხალხის ძალის“ ლიდერმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ ბრძოლაში, რომელსაც ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა ჰქვია, საქართველო მარტო არ არის.
„ამ მიმართულებით გაცილებით მკაცრი კანონმდებლობაა პოლონეთში, უნგრეთში და ევროპის არაერთ ქვეყანაში. ბევრ ქვეყანაში შეიძლება, დღეს არ არიან ის ძალები, ვინც ამას იცავენ, თუმცა წელს არაერთ ევროპულ ქვეყანაში არის არჩევნები და სწორედ ასეთი ტრადიციების დამცველი კონსერვატიული ძალები არიან წინა პლანზე, რომლებსაც გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვთ. ასე რომ, არ იფიქროთ, საქართველო მარტოა და ჩვენ ისეთი რამ გამოვიგონეთ, რაც მსოფლიოში არსად არ ყოფილა. ამგვარად, ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ჩვენს ტრადიციას, ღირებულებებს, სარწმუნოებას, ჩვენ მომავალს – ჩვენს შვილებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.