სოზარ სუბარი - კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივუთითო, როდის ჩაატარონ სხდომა
კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება, მე პირდად, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივუთითო, როდის ჩაატარონ და როდის არა სხდომა, როგორ იმოქმედონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე ელჩ კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
სუბარის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ ჩათვლის საჭიროდ, დღის წესრიგში ცვლილებები შეიტანოს, ეს მათი უფლებაა.
სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან გამიჯნულია, რაც სწორედ დასავლური სტანდარტია.
„არსებობს საქართველოს კონსტიტუცია და იმაზე მაღლა ვერავინ და ვერაფერი დადგება. მე პირდად ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივცე მითითება, როდის ჩაატარონ და როდის არა სხდომა და როგორ გააკეთონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო თუ ჩათვლის საჭიროდ, ცვლილებები შეიტანოს თავიანთ დღის წესრიგში, ეს მათი უფლებაა, იმიტომაც არსებობს ერთმანეთისგან გამიჯნული ხელისუფლების შტოები. ეს არის სწორედ დასავლური, პირველ რიგში, ამერიკული სტანდარტი, რომ საკანონმდებლოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში, აღმასრულებელს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საკანონმდებლოში და ა.შ. არსებობს საქართველოს კონსტიტუცია და მისგან გამომდინარე კანონები. ამაში მე ვერ ჩავერევი, ამაში ვერ ჩაერევა ვერც ერთი პარლამენტარი, მე მგონი, ეს უნდა გაითვალისწინოს იმ ქვეყნებმაც, რომლებმაც მოგვცეს ეს სტანდარტი, რასაც ნიშნავს ხელისუფლების შტოების გამიჯვნა“, – განაცხადა სუბარმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა დღეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.