სოზარ სუბარი - კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს გარედან, არჩევნებში მაინც დამარცხდება
კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს გარედან, არჩევნებში მაინც დამარცხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სახეს ვერ შეიცვლის და ნებისმიერი მათი კონფიგურაცია ყველანაირი ღირებულებისგან იქნება დაცლილი. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც პარტია „ლელოსა“ და გახარიას პარტიის განცხადებები. ბოლო ორი კვირაა, „ლელოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ მათ ხედვებთან ყველაზე ახლოს სწორედ გახარია და მისი პარტია დგას და გახარიაც იმავეს აცხადებს „ლელოზე“. ამ დროს კი, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ანაკლიის პორტის გაჩერებას ხაზარაძე-ჯაფარიძე გიორგი გახარიას აბრალებდნენ და აცხადებდნენ, რომ მან ამ შემთხვევაში რუსეთის, პირადად პუტინის დაკვეთა შეასრულა. კარგად გვახსოვს ისიც, როგორ უწოდებდნენ მას „თვალთხარიას“, პირსისხლიან მინისტრს და ა.შ. თავის მხრივ, გიორგი გახარია ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს თაღლითებს და ბიუჯეტის ქურდებს უწოდებდა, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად მისაღებები არიან. ასეთივე მაგალითია პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც რადიკალებისთვის იყო რუსეთის აგენტი, პუტინის მავნებელი რეზიდენტი და დღეს მათთვისვე ფსევდო პროდასავლური ფრონტის ლიდერი გახდა.
ფაქტია, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს და როგორი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეთ გარედან, ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. ამას აჩვენებს ყველა კვლევა, ქართველი ხალხის განწყობა, რომელმაც ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ისიც, თუ რა უბედურებაში გახვევს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყანას, თუ ისინი ძალაუფლებას დაიბრუნებენ. ასე რომ, 26 ოქტომბერს საქართველოში ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, რომელიც გულისხმობს მშვიდობას, ეროვნული ღირებულებების დაცვასა და სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.