სოზარ სუბარი - კინზინგერი შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას „დაუძინებელი მეგობრები“
კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.
სუბარის თქმით, „დაუძინებელი მეგობრები“ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას.
„ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა? ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები““, – წერს სოზარ სუბარი.
ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“