სოზარ სუბარი - კიევში მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა ნიშნავს, რომ პარტიის ერთადერთი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი
სოზარ სუბარი - კიევში მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა ნიშნავს, რომ პარტიის ერთადერთი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილთან ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერების ჩასვლა ნიშნავს, რასაც სულ ვამბობ და ყველამ იცის, რომ ამ პარტიას ერთადერთი ლიდერი ჰყავს – მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არის ძებნილი და მისჯილი აქვს არა ერთ საქმეზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი ფიქრობს, რომ სააკაშვილთან კონსულტაციის შედეგად, პარტია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ამ ხნის განმავლობაში მასთან ყველა ჩადიოდა, ხოლო ერთადერთი ადამიანი, ნიკა მელია აქამდე არ ჩადიოდა, ახლა გამგზავრება კი მეტყველებს, რომ სააკაშვილმა მოახერხა, ნიკა მელია პოლიტიკურად გაენულებინა. ამის შემდეგ ეს კაცი იძულებული გახდა, მასთან ჩასულიყო, ხლებოდა და დიდ მაგიდასთან აეღო კურთხევა, რა და როგორ გააკეთონ. ამ კურთხევის შედეგი იქნება, რომ ყველანი შემოვლენ პარლამენტში. აქედან ეცდებიან იმ დესტრუქციის განვითარებას, რასაც ქუჩიდან ცდილობდნენ და არაფერი გამოუვიდათ. 15 მაისის აქციაც ჩაეშალათ და ესეც არ არის შემთხვევითი, ვერ შეკრიბეს ხალხი და ახლა რადგან იქ ვერ შეკრიბეს, ეცდებიან, მიკროფონებთან ყვირილით შექმნან დესტრუქცია, მაგრამ აქაც ისეთივე წარუმატებელი იქნება მათი დესტრუქციული ქმედებები, როგორც 15 მაისის შემთხვევაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.