სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეგონა, რომ თავისი ძლიერების პიკში იყო, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ერთი ადამიანიც ვერ გაიყვანა საქართველოს ვერცერთ მუნიციპალიტეტში, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ხომ შეიძლება, საკრებულოში სადმე წამლად ჰყოლოდა ერთი ადამიანი, მაგრამ ერთი ადამიანი ვერ გაიყვანა და საოცრებაა, ამ ადამიანის იმედი რომ აქვს იმ ოპოზიციას, რომელმაც მას დაარქვა პუტინის აგენტი, რუსეთის მავნებელი რეზიდენტი და დღეს უკვე პატიმარმა სააკაშვილმაც ამ სიტყვებით დაახასიათა. თანაც, აქვთ იმ ადამიანის იმედი, რომლის შესახებაც მთელმა ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ ის არის ადამიანი, ვინც არღვევს კონსტიტუციას მრავალგზის, ჯიუტად, უტიფრად და უხეშად; რომ ეს არის ადამიანი, ვინც საქართველოს ინტერესები გაცვალა ისეთ მარტივ რამეზე, როგორიც არის შვილების სამსახურში მოწყობა. შვილები სადღაც ძალიან სწრაფად მოუწყვეს და უცებ შეცვალა რიტორიკა; ეს არის ადამიანი, რომელიც გამოდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დღეზე და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს და ქართველ ხალხს; ეს ადამიანი არის იმდენად უვიცი, იმდენიც არ იცის, რომ მას რეფერენდუმის ჩატარების უფლება არ აქვს“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, არის უბრალოდ დაკვეთა, რომლის მიზანიც საქართველოში არეულობის მოწყობაა.
„ისმის კითხვა, ვის აწყობს საქართველოში არეულობა? ალბათ სასაცილო ვჩანვართ მსოფლიოს თვალში, რაზეც ვმსჯელობთ, მაგრამ რეალობაა ისაა, რომ დღეს, როცა მსოფლიოს ახალი გადანაწილება მიდის, ამ დროს საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, რომელიც შეასრულებს საერთაშორისო დაკვეთას, რომელსაც ჩვენ „გლობალურ ომის პარტიას“ ვუწოდებთ, თავისი აგენტურის მეშვეობით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა აურიონ სიტუაცია, რომ თავიანთი აგენტურა რამენაირად მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში. ამას ვერ ახერხებენ არჩევნების გზით, რაც ძალიან კარგად იციან. ერთმანეთთან საუბრებში იმასაც კი ამბობენ, რომ ცოტა ხანში, მე მგონი, ირაღითაც დახვდებიან ერთმანეთს, რათა სიაში, იმ პირველ ოცეულში ადგილი დაიკავონ. იმიტომ, რომ 21-ე ან 25-ე შევა თუ არა პარლამენტში, თვითონ მათშიც ძალიან დიდ ეჭვს იწვევს“, – განაცხადა სუბარმა.
სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეალური საფრთხე გახდა ის, რომ შესაძლოა, მოხდეს ბირთვული იარაღის გამოყენება, ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არავის უნდა, დარტმის ობიექტი თავად იყოს და შეიძლება, ყველასთვის იყოს მომგებიანი ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს გაწირვა, როგორც ქვეყნის, საიდანაც შეიძლება, მეორე ფრონტი გაიხსნას.
„ხშირად ამბობენ, როგორ, ევროპას ხომ სჭირდება დერეფანი? უკრაინაში ომია და საქართველო რატომ არ უნდა იყოს ახალი დერეფანი? კი, შეიძლება, ევროპას აწყობს ეს ახალი დერეფანი, მაგრამ, მეორე მხრივ, რამდენად აწყობს აშშ-ს ეს დერეფანი, როდესაც ის აკონტროლებს საზღვაო გზებს, და დიახაც, ურჩევნია, ეს საზღვაო გზები მისი კონტროლის ქვეშ დარჩეს, არ იყოს ალტერნატიული დერეფნები და ევროპა ეკონომიკურად არ გაიმართოს წელში, რომ ბოლომდე მასზე იყოს დამოკიდებული. თუნდაც ბალტიისპირეთის ის სამი პატარა ქვეყანა რომ ავიღოთ, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიული არიან საქართველოს მიმართ, აწყობთ თუ არა მათ ეს დერეფანი? რა თქმა უნდა, არ აწყობთ და ამისთვის ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. ჩინეთიდან რუსეთის გავლით ევროპაში ტვირთების გადატანა 40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში გემების დატერორება და აფეთქების მცდელობები დაიწყეს. 40%-ით გაიზარდა და სად გაიზარდა? რუსეთის შემდეგ უკრაინაა, სადაც ვერ გაივლის მატარებელი, ბელორუსიდან პოლონეთი არ უშვებს და მთელი ეს ტვირთები ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის გავლით მიდის. ისინი, რომლებიც ძალიან მკაცრ რიტორიკას აწარმოებენ რუსეთის წინააღმდეგ, უცებ აღმოჩნდა, რომ მშვენივრად ვაჭრობენ და ძალიან დიდ ფულს აკეთებენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ, რომ საქართველო მათი ალტერნატიული დერეფანი გახდეს. აი, ამიტომაც ჩამობრძანდნენ მათი მინისტრები და ანტისამთავრობო მიტინგზე საქართველოს სუვერენიტეტის სრული უპატივცემულობით გააკეთეს ანტისახელისუფლო გამოსვლები. თან ვინ? მაგალითად, ესტონეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა, რომლის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ თურმე მან არ იცოდა, საგარეო საქმეთა მინისტრი აქ რომ ჩამოდიოდა და რომ აქ განცხადებებს გააკეთებდა. ამ ქალბატონმა, ესტონეთის პრეზიდენტმა, რამდენიმე თვის წინ ისიც გამოაცხადა, მის ქმარს რუსეთში რომ მრავალმილიონიანი ბიზნესი აქვს, ეს არ იცოდა, უი, ეს რა გავიგეო, თავში შემოირტყა და გამოაცხადა, რამდენიმე თვეში ან ერთ-ორ წელიწადში, ომი რომ დამთავრდება, დაახლოებით, იმ პერიოდში, ჩემი ქმარი რუსეთში ბიზნესს შეწყვეტსო. ეს მართლა უმორალო ადამიანები ცდილობენ საქართველოზე ზეწოლის მოხდენას. იმიტომ, რომ მათ აწყობთ, აქ იყოს მეორე ფრონტი; ასე უფრო ადვილად ივაჭრებენ რუსეთთან ან რუსეთის გავლით და დიდ ფულს გააკეთებენ“, – განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სუბარმა თქვა: „ახლა აღარ ჩამოვთვლი, რამდენით გაზარდეს ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ვაჭრობა ღვინით, ალკოჰოლით და ა.შ. ესტონეთმა ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში 600-ჯერ გაზარდა რუსეთთან წამლებით ვაჭრობა. 600% არ გეგონოთ, 600-ჯერ გაზარდა, რაც ნიშნავს, რომ 60 000%-ით გაზარდა რუსეთთან წამლებით ვაჭრობა. ესტონეთი წამლებს კი აწარმოებს, მაგრამ წამლების განსაკითრებული მწარმოებელი არ არის და უცებ რუსეთისთვის მთელი ამ წამლების მიმწოდებელი, რასაც მთელი მსოფლიო აწარმოებს, ესტონეთი გახდა. დღეს გამოქვეყნდა მასალები, სადაც გამოჩნდა, რომ თურმე იარაღები, რომლებსაც პოლიცია, მათ შორის, ციხეებში საწამებლად თუ მიტინგების დასაშლელად იყენებს, დღემდე დაუბრკოლებლად შედის რუსეთში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ყველა რუსულ რაკეტაში, რომლითაც უკრაინა იბომბება, დაახლოებით, 70 ამერიკული ნაწილია; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფინეთი არის დრონების და მისი შემადგენელი კომპლექტაციის მთავარი მიმწოდებელი რუსეთისთვის და ჩვენ გვეუბნებიან, კანონი, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, არ უნდა მიიღოთო“.
მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ასეთ მითითებებს არ მიიღებს და ყოველთვის საკუთარი ხალხის ინტერესებს მოემსახურება, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი, რომლებიც უცხოურ დაკვეთაზე მუშაობენ, სულ რაღაც 6 თვეში სწორედ ამიტომ დამარცხდებიან უსასტიკესად.