სოზარ სუბარი - კეზერაშვილს ჯარში ნახევარქათამას ეძახდნენ, ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისა და ქართველი ჯარისკაცების ბიუჯეტს
დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი ეწოდებოდა – ნახევარქათამა. ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, კეზერაშვილს ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით.
„საქართველოს სასამართლოს მიერ დავით კეზერაშვილი არაერთხელ დამნაშავედ იყო ცნობილი გასულ წელს და ახლა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ სამოქალაქო სარჩელით ხუთ მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა. ანუ, მას ამ თანხის გადახდა მოუწევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი ეწოდებოდა – ნახევარქათამა. ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად უკეთესი იქნება ის თანხა გადაიხადოს, რაც ქართულ ჯარს მოპარა. ალბათ, მას ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს და პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. იმ ქოლცენტრების, რომელსაც ვითომ ჩვენ ვმართავთ და მის მიერ დაფინანსებული ქართული ტელევიზიები ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულიად დაუსაბუთებლად აბრალებენ“, – განაცხადა სუბარმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.