სოზარ სუბარი - კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე, გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომსა და სანქციებს
კელი დეგნანმა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბარი იყო სტრატეგიულ საკითხებზე. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ ძალიან კონკრეტულად დასმულ შეკითხვებს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, საჯაროდ უნდა გაეცეს პასუხი.
„პირველსავე წერილში, რომელიც ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ მიხეილ ყაველაშვილის სახელით გამოქვეყნდა, ძალიან მკაფიოდ იყო ფორმულირებული შეკითხვა, იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომის დაწყების შემდეგ, რაზეც პასუხი მივიღეთ, რომ დიდი ხანია, არ მომხდარა ეს შეხვედრა. პირდაპირ არ ყოფილა პასუხი და სურვილი იყო, როგორც ჩანს, რომ უნდა აღგვექვა, თითქოს ეს შეხვედრა არ შემდგარა. გუშინ გავიგეთ, თურმე ეს შეხვედრა შედგა, დღეს ქალბატონმა კელი დეგნანმაც დაადასტურა და ისიც დაადასტურა, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხებზე იყო ლაპარაკიო. რა შეიძლება იყოს სტრატეგიული საკითხები იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არის ომი, როდესაც ღია მოწოდებები იყო ქართული ოპოზიციის მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომ საქართველოს გამოეყენებინა შესაძლებლობების ფანჯარა და ჩართულიყო ომში. ძალიან გვაინტერესებს, რა არის ის სტრატეგიული ამოცანები, რაც არ ეხებოდა ომს და არც სანქციებს.
იმასაც შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდი, ანუ ამ შეხვედრამდე პერიოდი – ეს არის საკითხი, როდესაც პიკში არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, არ ხდებოდა მისთვის ნახატების დაბრუნება, არ ხდებოდა მის საკუთრებაში არსებული ვერტმფრენების გადაცემა, დაბლოკილია მისი ყველა ანგარიში და ამ დროს ხდება შეხვედრა. ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ იყო გარკვეულწილად ზემოქმედება, რათა მას თავისი გავლენა გამოეყენებინა ხელისუფლებაზე ან დაბრუნებულიყო ხელისუფლებაში, რომ საქართველო უფრო მეტად შეერთებოდა სანქციებს, რომ საქართველოს რაღაც ნაბიჯები გადაედგა ომის მიმართულებით. ეს არის ჩემი აზრით ლეგიტიმური შეკითხვები. ამ შეკითხვების ლეგიტიმურობას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ პირველივე, ძალიან მარტივად დასმულ შეკითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრა ომის დაწყების დღიდან მას და ბიძინა ივანიშვილს შორის, ვერ მივიღეთ პასუხი, ანუ პასუხი მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი, გაუგებარი.
ჩვენ დღემდე არ გვაქვს მიღებული პასუხები იმ შეკითხვებზე, რომელიც იყო დასმული ჩვენს წერილში. მაგალითად, ჰქონდა თუ არა არაფორმალურ სანქციას ადგილი მოსამართლის მიმართ, როცა ის არ გაუშვეს ამერიკაში, ხომ არ დაიბარეს ის მართლა და ხომ არ ჰქონდა მის მიმართ შეკითხვების დასმას ადგილი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არის არაერთი სხვა შეკითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, მათზე არ არის პასუხები გაცემული და მათზე პასუხები, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სუბარმა.