სოზარ სუბარი - კელი დეგნანის განცხადება გამიკვირდა, რადგან კარგად გვახსოვს, რა ხდება ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში
კელი დეგნანის განცხადება გამიკვირდა, რადგან კარგად გვახსოვს, რა ხდება ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, როდესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში პოლიცია ვერ უმკლავდება ძალადობრივი ჯგუფების აქციას, შეუძლებელი არ უნდა მოვთხოვოთ ქართულ პოლიციას.
„ქალბატონი დეგნანის განცხადება მართლა გამიკვირდა იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდება ზოგადად ასეთი აქციების დროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და კარგად გვახსოვს ის მრავალთვიანი აქციები, რომელიც შეერთებულ შტატებში ხდებოდა. „შავი სიცოცხლე ფასობს“ – ეს აქციები იყო, როდესაც მოხდა არაერთი პოლიციის, გუბერნიის, მერიის შენობის დარბევა, ხდებოდა მაღაზიებზე თავდასხმები, მანქანების დამტვრევა, უდანაშაულო ადამიანების ცემა, წამება ლამის ქუჩაში. ეს ხდება ყველგან და მთავარია, ამაზე სახელმწიფოს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება. საქართველოს პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მოულოდნელი იყო, რომ 20 სხვადასხვა ადგილას გაიშლებოდა ეს აქციები, მაინც შეძლო, დროულად აღეკვეთა ძალადობა. მეორე დღეს ყველაფერი ჩატარდა გაცილებით მშვიდად და ყველა ადამიანი აგებს პასუხს.
ყველგან უნდა გვქონდეს ერთი და იგივე სტანდარტი. როდესაც ვამბობთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა არის შიდა ტერორიზმი, იგივე სტანდარტი უნდა გვქონდეს საქართველოს პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე და როდესაც ვხედავთ, რომ ხშირად აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში პოლიცია ვერ უმკლავდება ძალადობრივი ჯგუფების აქციას, შეუძლებელი არ უნდა მოვთხოვოთ ქართულ პოლიციასაც, რომელმაც მართლა მაქსიმუმი გააკეთა. მადლობა აშშ-ს იმისთვის, რომ დღეს საქართველოს პოლიციას აქვს შესაბამისი აღჭურვილობა და წვრთნაც, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, კიდევ უფრო მეტი ესკალაცია თავიდან აგვეცილებინა“, – განაცხადა სუბარმა.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მოლოდინი იყო, რომ 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას პრემიერ-მინისტრი შეასრულებდა მთავარ როლს სიტუაციის დაწყნარებაში. ელჩის თქმით, „სამწუხარო იყო, რომ ამ დღეებში ვერ ვნახეთ უფრო ძლიერი ლიდერობა“.