სოზარ სუბარი - ირაკლი ღარიბაშვილს უმაღლესი დონის შეხვედრა ჰქონდა ჩინეთში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ჩინეთი არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე მსოფლიოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრა ჩინეთში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან დღეს ჩინეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი, ყველაზე სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის შემდეგ მეორეა და უსწრებს ერთად აღებულ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეკონომიკას და ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, ეს ერთი მხარეა და პოლიტიკაშიც მისი გავლენა ყოველდღიურად იზრდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდა თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მისი მხრიდან არის უმნიშვნელოვანესი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ძალიან მალე დადგება. ახლა თუ გავუშვით შესაძლებლობების ფანჯარა, ეს ფანჯარა დაიხურება, ჩვენ აღმოვჩნდებით შავი ზღვის პირას მდებარე ერთი ჩიხი, სადაც არ გადის არანაირი გზა, ამიტომაც სწორედ ახლა უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის გავლით ტვირთების გადაადგილება არის უაღრესად შეზღუდული. ამ მხრივადაც ეს არის ისტორიული მომენტი. საოცარია ქართული ოპოზიციის აღშფოთება, ისინი ამბობენ, რომ არ შეიძლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რადგან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან დადებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. ამ დროს ჩინეთს თვითონ დადებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აშშ-სთან, გერმანიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთანაც კი, და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანასთან. საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მდებარეობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, – განაცხადა სუბარმა.