სოზარ სუბარი - გუშინ ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, თუ გვინდა ევროპაში ვისწავლოთ თანამშრომლობა, დაველოდოთ არჩევნებს, იქ კიდევ ერთხელ ეტყვის ხალხი ოპოზიციას, სადაც არის მათი ადგილი
სოზარ სუბარი - გუშინ ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, თუ გვინდა ევროპაში ვისწავლოთ თანამშრომლობა, დაველოდოთ არჩევნებს, იქ კიდევ ერთხელ ეტყვის ხალხი ოპოზიციას, სადაც არის მათი ადგილი

დღეს აქ მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისგან, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის და მაშინვე გადავიდნენ ზიზღის ენაზე, ბრალდებებზე, ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ ცდილობს, ევროკომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„ქალბატონი ანი წითლიძე პატარაა და ალბათ არ ახსოვს, უსამშობლო სიტყვას როცა ახსენებს, ვინ ებრძოდა ამ სიტყვას, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყვნენ ხელისუფლების სათავეში და ამბობდნენ, რომ სიტყვა სამშობლოს ხსენებაც კი არის ჩამორჩენილობა, არის შუასაუკუნეობრივი აზროვნება და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე და არა სამშობლოზე, ეს განგვასხვავებს სწორედ მათგან, რომ ჩვენთვის სამშობლო არის ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს და არ ვამაყობთ იმით, რომ გვაქვს თურმე ორი სამშობლო, სამი სამშობლო და მესამე და მეშვიდე სამშობლო, რასაც ძალიან ხშირად ამ დარბაზში ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ხაზს უსვამენ. მინდოდა, დამეწყო საქართველოს კონსტიტუციის ერთი თავით, მაგრამ გადამიყვანეს სხვა პასუხებზე, მაგრამ მაინც უნდა წავიკითხო ეს თავი, ეს არის მე-11 თავი, რომელშიც შედის ერთი მუხლი და გარდამავალი დებულებები, ამ მუხლს ეწოდება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და მოკლედ და ძალიან ლაკონურად წერია, რომ დავალება არის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ უნდა უერთგულოს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს, აქ წერია – კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს არის მუხლი, რომელსაც ხმა მისცა ერთადერთმა პარტიამ და ეს ერთადერთი პარტია არის „ქართული ოცნება“, ეს არის მუხლი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა და ხმა არ მისცა მაშინდელმა ოპოზიციამ და არც დღეს აღიარებს სხვათა შორის არც ამ მუხლს, არც ამ კონსტიტუციას და არც ამ კონსტიტუციის ავტორს, ირაკლი კობახიძეს, რომელიც ჩვენს გვერდით დგას და ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, ამ მუხლს ებრძვიან სწორედ ისინი“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ყველამ უნდა ისწავლოს კანონის მიხედვით ცხოვრება, თუ ევროპა სურს.

„როდესაც ლაპარაკია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ველოდებით სამ დღეში, ამას წინ უსწრებდა ევროკომისიის ერთგვარი პუნქტები, რომელთა შესრულება არის რეკომენდაცია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი, კანდიდატის სტატუსი და პირველი არის სწორედ პოლარიზაციის შემცირება და პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით გუშინდელ მიტინგზე გამომსვლელების და მანამდე რა განცხადებებიც გაკეთდა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმის, რასაც ეს პირველი პუნქტი მოითხოვს და პირველი პუნქტი არის ერთადერთი, რაშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის სავალდებულო, დანარჩენი ყველაფრის შესრულება შეუძლია ხელისუფლებას. თუმცა, რა თქმა უნდა სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველი იქნება, ვითანამშრომლოთ ყველა პუნქტის შესრულებაში. წავიკითხავ რამდენიმე პუნქტს, გიგი უგულავა – ხელისუფლება არალეგიტიმურია და სასწრაფოდ უნდა გადავაყენოთ, სააკაშვილი – ხელისუფლება გადადგეს და შევქმნათ ტექნიკური მთავრობა, ხაზარაძე – ქართველი ხალხი უნდა მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილი – მაიდანი დაიწყო 21 ნოემბერს და დასრულდა 22 თებერვალს, სამი თვე დასჭირდა და ჩვენც მაგდენი დაგვჭირდება, ბოკერია – მადიანი და მსხვერპლი არ არის სასურველი, მაგრამ და მერე იწყება, რომ ეს არის აუცილებელი, მარიამ ჯიშკარიანი – მთავრობის გადადგომა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი და იგივე მოწოდებები გაისმა გუშინ, თავშეკავება იყო, მაგრამ ბოლოში მაინც ვერ შეიკავეს თავი და ითქვა, რომ ხელისუფლება უნდა წალეკონ, მასობრივი დაუმორჩილებლობა უნდა იყოს. თუ გვინდა, მართლა გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის მიხედვით ცხოვრება, კონსტიტუციის მიხედვით ცხოვრება, ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ არჩევნებს, რომელიც 2024 წელს იქნება და იქ კიდევ ერთხელ ეტყვის ქართველი ხალხი ამ ოპოზიციას, სადაც არის მათი ადგილი“, – განაცხადა სუბარმა.