სოზარ სუბარი - გონჩარენკო მოგვიწოდებს, დაიძრან ტანკები ცხინვალისკენ და სოხუმისკენ, ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, სერიოზული ეჭვებია, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან
ბატონი გონჩარენკო მოგვიწოდებს, რომ დაიძრან ტანკები ახლა ცხინვალისკენ და სოხუმისკენ, ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები და ინფორმაციები არსებობს თვითონ უკრაინაში, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გონჩარენკომ მოღვაწეობა დაიწყო უკრაინაში ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი ხალხის ინტერესების დაცვით.
„ჩვენ ნამდვილად ვერ ავყვებით პროვოკატორი პოლიტიკოსების განცხადებებს. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი ბატონი გონჩარენკო მოგვიწოდებს, რომ დაიძრან ტანკები ახლა ცხინვალისკენ და სოხუმისკენ, ეს არის არა მხოლოდ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ ეს არის ადამიანი, რომელზეც ძალიან სერიოზული ეჭვები და ინფორმაციები არსებობს თვითონ უკრაინაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც ოდესის დეუკრანიზაციაში სდებდნენ ბრალს. ეს არის ადამიანი, რომლის მამაც ოდესის ოლქში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათშორის იყო ოდესის მერი და ძალიან სერიოზულ კორუფციულ სკანდალებში იყო გახვეული. ეს არის ადამიანი, რომლებსაც ჟურნალისტებმა აღმოუჩინეს დეკლარაციაში შეუტანელი 700 000 დოლარი, რომელიც აღმოჩნდა, რომ მისმა სიმამარმა მისცა და სიმამრმა ეს ფული იშოვა სწორედ რუსულ „გაზპრომში“ მუშაობით. როცა ასეთი ადამიანები მოგვიწოდებენ ტანკების დაქოქვისკენ, გასაგებია, რომ მათ უკან ჩვეულებრივად დგას რუსული სპეცსამსახურები. ასევე ძალიან საეჭვო, როცა ასეთი ადამიანის განცხადებებს ასე უაპელაციოდ აიტაცებენ ხოლმე ქართველი პოლიტიკოსები, ძალიან საინტერესოა, მათაც იგივე პროვოკაციული მიზნები ხომ არ ამოძრავებთ საქართველო მიმართ, რაც ბატონ გონჩარენკოს“, – განაცხადა სუბარმა.