სოზარ სუბარი - გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატებას ვუსურვებ ჰააგის სასამართლოში, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი კვალიფიკაციითა და სიდინჯით
გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატებას ვუსურვებ, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი კვალიფიკაციით, სიდინჯით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
„გოჩა ლორთქიფანიძეს წარმატებას ვუსურვებ, რადგან არის უაღრესად კვალიფიციური ადამიანი. ეს დაადასტურა ჰააგის სასამართლოში მისმა არჩევამ, ეს სხვანაირად ვერ მოხდებოდა. მასთან საქმიანი შეხება ბევრჯერ მქონია და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი სწორედ მისი კვალიფიკაციით, სიდინჯით. რაც შეეხება იმას, ვინ იქნება იუსტიციის მინისტრი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მას პრემიერი დანიშნავს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ექვს ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის ცხრა წლის ვადით იქნება. უწყების ცნობით, ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.