სოზარ სუბარი - გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელმაც უღალატა კანონს, გუნდს, სახელმწიფოს, მის წარსულს რაც შეეხება, ალბათ ჯობია, არც თვითონ გაიხსენოს და არც ჩვენ გავიხსენოთ
გიორგი გახარია, სამწუხაროდ, არის ადამიანი, რომელმაც უღალატა კანონს, უღალატა გუნდს, რომელმაც მას ჩააბარა ძალიან სერიოზული პოზიციები ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, უღალატა სახელმწიფოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარის თქმით, არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მისი თანაგუნდელების განცხადებებში გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
„გიორგი გახარიას ნარკომანობაზე კახი კალაძის განცხადება სანამ არ იქნებოდა, ვერც წარმომედგინა და არც მქონდა გაგონილი, თუმცა მისმა გაქცევამ ამ თემიდან ეჭვები წარმოშვა, ხოლო მოგვიანებით გარკვეულმა ინფორმაციებმა ეს ეჭვები დაადასტურა. როცა ჩემი გუნდის წევრები ამაზე ლაპარაკობენ, მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, ამ ინფორმაციის რეალობაში ეჭვი შევიტანო. გიორგი გახარია, სამწუხაროდ, არის ადამიანი, რომელმაც უღალატა კანონს, როდესაც უარი თქვა კრიმინალის დაჭერაზე, უღალატა გუნდს, რომელმაც მას ჩააბარა ძალიან სერიოზული პოზიციები ქვეყანაში – ეკონომიკის სამინისტრო, შსს, პრემიერის პოსტი. გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უღალატა სახელმწიფოს, რადგან კანონის აღსრულებაზე უარის თქმა და ღალატი ნიშნავს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების ღალატს. რაც შეეხება მის წარსულს, ალბათ ჯობია, არც თვითონ გაიხსენოს და არც ჩვენ გავიხსენოთ, რა მოხდა და რა გააკეთა, მაგალითად, პანკისში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ აკრიტიკებდნენ თავის დროზე თანაგუნდელს, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ბევრი რამ გუნდის შიგნით განიხილება ხოლმე.
„არის ბევრი რამ, რაც გუნდის შიგნით არის ხოლმე განხილული, მაგრამ არ გამოდის გარეთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.