სოზარ სუბარი - გავიზიარეთ კრიტიკა, იგეგმება კონსულტაციები და კანონი მიიღება იმ ფორმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს გარკვეული გარანტიები ჰქონდეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის განცხადებით, თავის დროზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნებოდა, იყო კრიტიკა, რომ ორი ინსტიტუციის გაერთიანება არ შეიძლებოდა, ვინაიდან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი.
სუბარის თქმით, მაშინ გუნდშიც არ იყო ერთიანი აზრი, თუმცა მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციასთან და თანამდებობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კრიტიკა მივიღეთ თავის დროზე, როდესაც ეს ინსტიტუტი იქმნებოდა. ყველა გვაკრიტიკებდა, რომ არ შეიძლება ორი ინსტიტუციის ერთად გაკეთება, ვინაიდან მათ შორის არსებობს ინსტიტუციური კონტროლი. ვეთანხმები მე ამას, გუნდშიც არ იყო მაშინ ერთიანი აზრი, თუმცა მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შემნილიყო ერთად. ინსტიტუციური კონფლიქტი ნამდვილად არსებობს და მაშინ ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ზუსტად ის კეთდება ახლა. კრიტიკის საფუძველი, რაც შეიძლება, დარჩეს, არის რატომ დაჩქარებული წესით. ნამდვილად არ არის კარგი, როცა ასეთ კანონს იღებ დაჩქარებული წესით, მაგრამ წლის ბოლოა და გადავწყვიტეთ, რომ მომავალი წლიდან ეს ინსტიტუცია კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყოს მოქეცული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება თანამშრომლებს, სუბარის განმარტებით, მათთან დაკავშირებით გაიზიარეს არსებული კრიტიკა, რომ სჯობს, კანონში პირდაპირ ჩაიწეროს თანამშრომლების შესახებ გარანტიები.
„მეორე მოსმენამდე იგეგმება, რომ გარკვეული კონსულტაციები გავიაროთ. შესაბამისად, კანონი იქნება მიღებული იმ ფორმით, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ გარკვეული გარანტიები“, – დასძინა სოზარ სუბარმა.