სოზარ სუბარი - „ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული მესიჯებით ერთ სიტყვასაც არ ახსენებს კანდიდატის სტატუსზე, ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს პარტია, როცა ევროპაში დადის
„ევროპის სახალხო პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული მესიჯებით ერთ სიტყვასაც არ ახსენებს კანდიდატის სტატუსზე, აქედან ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ძალიან ცუდია, რომ EPP-მ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებებს მხარი დაუჭიროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საწინააღმდეგოს აკეთებს.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ძალიან კარგად გვახსოვს „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებები, როცა ამბობდნენ, რომ ეს იყო დემოკრატიიდან უკან დახევა და ხდებოდა სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ნაჩქარევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. დაასკვნა, რომ როდესმე თუ ირღვეოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რადგან სწორედ მაშინ მოხდა საკუთრების უფლების დარღვევა. მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მას სამართლიანმა სასამართლომ მიუსაჯა. ვინმეს თუ ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უარი უთხრა სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც თითქოს მის მიმართ უღირს მოპყრობას ეხებოდა.
ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ რაც უნდათ, თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი. ამ სკამს ცარიელი ყოფნა დიდი ხანი მოუწევს. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ იმ დროს, როცა საქართველო და ქართველი ხალხი ელოდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ დროს, EPP „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიწოდებული მესიჯებით ერთ სიტყვასაც არ ახსენებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აქედან ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სტატუსი ვერ მიიღოს და ძალიან ცუდია, რომ EPP-მ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებებს მხარი დაუჭიროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საწინააღმდეგოს აკეთებს. EPP-სთან მუშაობის ნაკლებობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, არ იცვლება. რას ვიზამთ, ასეთი პოზიცია აქვთ და ექნებათ. თუ მათი პოზიციის გამო, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას კარგად დაინახავს ქართველი ხალხი და კიდევ უფრო მეტად დავარდება იმ პარტიის რეიტინგი, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს და რომლის პარტნიორი პარტიები ევროპაში იგივეს აკეთებენ. ვთქვათ, თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს დღეს, აუცილებლად მიიღებს და მაშინ მიიღებს ხვალ, ზეგ. ყველა ერთხმად აღიარებს და ვერავინ ამბობს, რომ საქართველო ამ სტატუსს არ იმსახურებს და არ არის წინ ყველა ქვეყანასთან შედარებით, მაგრამ თუ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასაც შევხედავთ ძალიან მშვიდად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები.
„მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის არის უბოროტესი დამნაშავე, ვინც კი ქართულ ციხეებში არის. მსგავსი დანაშაული და დანაშაულების ის კასკადი, რაც მან ჩაიდინა, იქ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩადენილი – ეს იქნება ადამიანებზე თავდასხმები, ქუჩაში დახვრეტები და ასეთ ბრძანებებს პირდაპირ აძლევდა, დეპუტატების სიკვდილამდე მიყვანა. ბევრია ისეთი საქმეა, რაზეც გამოძიება დაწყებული არ არის და არანაირი განაჩენები არ არსებობს, მაგრამ მისი პირადი აღიარებები არსებობს. მაგალითად, მან პირდაპირ აღიარა, რომ აფრასიძეების ოჯახის ლიკვიდაციისა და განადგურების ბრძანება გასცა და არა მათი დაპატიმრების, აყვანის. სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტი გახდა, მაშინ ციხეებში 6 ათასი ადამიანი იყო, რამდენიმე წელში ამ პატიმრების რაოდენობა 24 150 იყო. ყველა პატიმარი იყო ნაწამები და წლის მანძილზე 140 პატიმარი კვდებოდა, მძიმე დაავადებებზე არ მკურნალობდნენ და იყო შემთხვევა, როცა ციხეში შვიდი ადამიანი დახვრიტეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.