სოზარ სუბარი - ევროპის საბჭოს 20 ქვეყანაში 150-მდე პარტიაა აკრძალული, მაგრამ არცერთ ამ პარტიას არ აქვს ისეთი დანაშაული სამშობლოს წინაშე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“
ევროპის საბჭოს ქვეყნებიდან 20 ქვეყანაში 150-მდე პარტიაა აკრძალული, მაგრამ არცერთ ამ პარტიას არ აქვს ისეთი დანაშაული თავისი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სუბარის თქმით, შეუძლებელია, ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში სისტემური და სისტემატური დანაშაულები ხდებოდა.
„ხალხი 12 წელია, ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასო, თქვა ქალბატონმა ნინომ და სწორადაც თქვა, თუმცა ჩვენ, „ხალხის ძალა“, უკვე ორი წელია, დასაბუთებულად ვითხოვთ, რომ ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასამართლდება, მანამდე საქართველოში არ იქნება მშვიდობა, ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, როგორც ჩამოყალიბებული სახელმწიფო, რადგან ეს არის დამნაშავე პარტია და დამნაშავე პასუხს თუ არ აგებს და ისევ აქვს სურვილი პოლიტიკაში ყოფნის, ისევ ძალადობს ხალხის ცნობიერებაზე, ასეთ ქვეყანაში სიმშვიდე ვერ დამყარდება. ქალბატონმა ნინომ ევროპის ძალიან კარგი სტატისტიკა მოიყვანა, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებიდან 20 ქვეყანაში 150-მდე პარტიაა აკრძალული. 22 პარტია აიკრძალა უკრაინაში, 13 აიკრძალა საფრანგეთში, რუმინეთში – 19 და აღარ ჩამოვთვლი სხვა ქვეყნებს, მაგრამ არცერთ ამ პარტიას არ აქვს ისეთი დანაშაული ჩადენილი თავისი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“. შეუძლებელია, ევროპის სივრცეში არსებობდეს პარტია, აკრძალულიც და მოქმედიც, რომლის მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდეს გამოტანილი განაჩენი, სადაც წერია, რომ ამ პარტიის მმართველობის პირობებში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს. ეს ორი ერთმანეთის შემავსებელი, მაგრამ განსხვავებული ცნებაა. სისტემური ნიშნავს, რომ დანაშაული ქცეული იყო სისტემად, იყო ცხოვრების წესი იმ პარტიის და იმ ხელისუფლების, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და ამას ჩადიოდა სისტემატურად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლეს.
„საქმეში „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2023 წლის 16 თებერვალს გამოქვეყნდა, დეტალურად არის ჩამოთვლილი ის დანაშაულები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა. ეს არის პარტია, რომელმაც ყველაფერი გაკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს არათუ საქართველოსთვის ომი აეცილებინა, არამედ ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველო ამ ომში ჩათრეული ყოფილიყო. ხოლო როდესაც ომი დამთავრდა, ტერიტორიები დავკარგეთ და 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე წლის შემდეგ, 2011 წლის 15 თებერვალს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამოცემა „ინდიფენდენტს“: „ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დაიკავა, არის ქვების გროვა, რომელსაც ნულოვანი ღირებულება აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეტევისთვის არ გამოიყენებენ“. ეს არის დანაშაულებრივი პარტიის დამნაშავე პრეზიდენტის განცხადება. მან ეს ცხელ გულზე კი არ თქვა, არამედ ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ანუ, საქართველოს შუაგული, სადაც ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ხოლმე – შიდა ქართლი თურმე ქვების გროვა ყოფილა. 150 სოფელი, რომელიც დავკარგეთ, ყოფილა ქვების გროვა, რომელსაც ფასი არ ჰქონია; კოდორის ხეობა, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში იყო პლაცდარმი ქართველობისა და საქართველოსი და რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორია იყო, ქვების გროვა ყოფილა. მარტო ქვების გროვა კი არ უწოდა ტერიტორიებს, არამედ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობაც მიატოვა. ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ.
არა მხოლოდ დატოვეს ხალხი იქ, არამედ კოდორის ხეობიდან ჯარი როცა გამოდიოდა, ხალხს ეუბნებოდნენ – თქვენ დარჩით, არაფერი შეგეხებათ, არაფერი გემუქრებათო. პირადად მე და რამდენიმე ადამიანი ვრეკავდით და ამ ადამიანებს ვეუბნებოდით, ეს არ დაეჯერებინათ. ვინაიდან რუსეთმა ომი დაიწყო, ის აუცილებლად შევიდოდა იმ ტერიტორიაზე და მოსახლეობას უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი, თორემ საფრთხე დაემუქრებოდა. მადლობა ღმერთს, ხალხმა დაგვიჯერა, მაგრამ ისინი, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები ასე ატყუებდნენ ხალხს და ამის გამო იყო, რომ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯარმა დატოვა იქაურობა, როგორც ცხინვალის რეგიონი, ისე კოდორის ხეობა. ეს არის დანაშაული, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია და ყველა მისი ხელმძღვანელი პირი უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.