სოზარ სუბარი - ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მუდმივად ხდება ინფორმირება ტელევიზიების, თუ ბეჭდური სახით ინფორმაციის დარიგებით
სოზარ სუბარი - ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, მუდმივად ხდება ინფორმირება ტელევიზიების, თუ ბეჭდური სახით ინფორმაციის დარიგებით

ამ დღეების განმავლობაში, რაც განსაკუთრებული ზომების მიღება დაიწყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც გატარდა არაერთი ღონისძიება. ადგილობრივი რადიოების, ტელევიზიების მეშვეობით მუდმივად ხდებოდა განმარტება, მუდმივად ხდებოდა გარკვეული ინფორმაციის დარიგება ბეჭდური სახით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, პრობლემა არის ის, რომ ძალიან ხშირად, ჩვენი მოქალაქეები უყურებენ არა იმდენად საქართველოს ტელევიზიებს, რომლებიც მაუწყებლობენ აზერბაიჯანულ, ან სომხურ ენებზე, არამედ მეზობელი ქვეყნების საინფორმაციოებს, სადაც ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული ინფორმაცია გადის და ვითარება.

„ამიტომ, ბევრ მათგანს არ ჰქონდა იმდენი ინფორმაცია, რაც აქვს ქართულენოვან მოსახლეობას, თუმცა უმრავლესობას მაინც ჰქონდა ინფორმაცია. ზოგ შემთხვევაში დაჯერების თემაც არის, რომელს უფრო მეტად უჯერებენ იმას, რაც შეიძლება ერთჯერადად, ორჯერადად მივაწოდოთ ჩვენ, თუ იმას, რასაც მთელი დღეების განმავლობაში უყურებენ. თუმცა, ამ წუთისთვის, ვითარება, რა თქმა უნდა, შეცვლილია. ყველა მოქალაქეს აქვს ინფორმაცია და ეს ინფორმირება ხდება მუდმივად, საზოგადოებრივი არხი არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ მიმართულებით და ყველა ის ადგილობრივი რადიო, თუ ტელევიზია, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მუშაობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ მცირე პრობლემაზე, რაც დილიდან რამდენიმე სოფელში, სასურსათო მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში შეიქმნა.

„შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა კი არ იყო მომარაგების, პრობლემა იყო აღქმის, რომ რა გვეშველება, მფლობელები, რომლებსაც შესატანი ჰქონდათ გარკვეული სურსათი, თუმცა მათ განემარტათ, რომ ამის არანაირი პრობლემა არ აქვთ და ეს თემა არის დალაგებული ისევე, როგორც იქიდან სურსათის გამოტანის თემა დღეს უკვე დაიწყო და ხვალიდან, ყოველ შემთხვევაში, სრულიად შეუფერხებლად იმუშავებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.