სოზარ სუბარი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას
პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უკვე მართლა რამდენიმე თვეა, აქციის ორგანიზატორები არიან, აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველანაირ ქსენოფობიურ განცხადებას, რომელიც არაერთი მოვისმინეთ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იმ სამ მოთხოვნაზე, რომელიც შეხვედრაზე წამოაყენეს, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი.
„პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად ემიჯნებიან ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომლებიც იქ ჩადიან და სრულიად მიუღებელ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის ზოგჯერ ამ რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაც შეიძლება მოხდეს. ერთია მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი და მეორეა გარკვეული რადიკალური, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ჯგუფების პოზიცია, რაც მიუღებელია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის და არ არის კარგი არც ქვეყნის იმიჯისთვის, არც ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო არენაზე. გულწრფელად გითხრათ, წეღან, როცა ვუსმენდი ბატონ ვარლამს, არ მომეწონა მისი ზოგიერთი გამოთქმა მაგალითად, პოლიციელებთან დაკავშირებით. პოლიციელს პატივი უნდა ვცეთ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომელიც იცავს ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს, გვიცავს კრიმინალისგან, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს შეფასებები. იმ სამ მოთხოვნაზეც, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა გაიმართა.
დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანი აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად სამი წინაპირობა დაასახელეს, ესენია, ხეობიდან პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა და ადგილზე კარვების დაბრუნება.