სოზარ სუბარი - ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარები და საშინაო საქმეებში ჩარევა, ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან გააგდეს
სოზარ სუბარი - ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარები და საშინაო საქმეებში ჩარევა, ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც თანამდებობიდან გააგდეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, ლიეტუვის პარლამენტის წევრ ჟიგიმანტას პავილიონისს ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა.

სუბარის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობიდან „გააგდეს“.

„ჟიგიმანტას ძალიან უყვარს სხვა ქვეყნებზე კომენტარების გაკეთება და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობა. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, პოლონეთზეც გვახსოვს მისი განცხადებები და უკრაინაზეც. ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში თანამდებობიდან გააგდეს, რადგან არ იმსახურებდა თანამდებობას, რაც მას ეკავა. სხვათა შორის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი განცხადებების გამო ბოდიშიც მოიხადა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარმა შეაფასა ერთ-ერთი მედიის ეთერში ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ გაკეთებული განცხადების ის ნაწილი, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხზე საუბრისას პავილიონისმა აღნიშნა: „უკრაინელები ამ ადგილს იმსახურებენ ბრძოლით პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ… ძალიან არასამართლიანი იქნებოდა, საქართველომ გამოიყენოს ეს შანსი, მას შემდეგ, რაც არ გააკეთა ბევრი რამ და უკრაინამ ამხელა მსხვერპლი გაიღო. ამ მთავრობის ხელში დაივიწყეთ ეს შანსი“.

სოზარ სუბარის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ჟიგიმანტას პავილიონისი საკუთარ ქვეყანაზე იფიქრებს.

„პავილიონისმა განცხადება გააკეთა, რომ საქართველო ევროკავშირში ვერ შევა, თუ გარკვეულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. მართლა არ ღირს არც ევროკავშირში და არც რომელიღაც სხვა კავშირში შესვლა, სადაც გასაღები ჟიგიმანტას პავილიონისს ექნება. ასე რომ, დაწყნარდეს, თავის თავს მიხედოს, თავის ქვეყანაზე იფიქროს ცოტა მეტი და საქართველო გააგნებს თავის გზას ევროკავშირისკენაც, ნატო-სკენაც და ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენაც. სასამართლოს საქმეში ჩარევის უფლება არ აქვს არავის ქვეყანაზე, განსაკუთრებით, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეზეა საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.