სოზარ სუბარი - მეჩვენება, რომ ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული
ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის ელჩების შეფასებები, მეჩვენება, რომ ძალიან ხშირად არის გადაჭარბებული. ჩვენი პარტნიორების წინაშე შარლ მიშელის დოკუმენტით და მანამდე აღებული ყველა ვალდებულება, შესრულებულია, ხშირ შემთხვევაში გადამეტებითაც კი, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია სასამართლოზე, უპირველესად, ობიექტური კრიტერიუმები უნდა დავაყენოთ. ამ კრიტერიუმებით სასამართლოს ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
„როდესაც ვლაპარაკობთ სასამართლოზე, უპირველესად სუბიექტური განცდები კი არ უნდა დავაყენოთ, არამედ უნდა დავაყენოთ ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლებზეც წეღან ვილაპარაკეთ. ამ ობიექტური კრიტერიუმებით სასამართლოსადმი ნდობა არის მაღალი და სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ მეჩვენება გადაჭარბებული და მართლა ძალიან მიკვირს, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ზედმეტად მკაცრ შეფასებებს სასამართლო რეფორმის მიმართ, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ რეფორმა დამთავრებულია. რეფორმა გრძელდება და ზოგადად, რეფორმირება არ არის თემა, რომელიც შეიძლება ერთხელ დაამთავრო და ყველანი სამოთხეში აღმოვჩნდეთ. ეს მუდმივად უნდა გაგრძელდეს ყველა სფეროში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.