სოზარ სუბარი - ჩვენი ადგილი არის ევროპაში, ეს არის გზა, რომ აღარ იყოს შემდეგი ვაჟა გაფრინდაშვილი
ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მუდმივად გვიხდება, საკუთარ თავსაც, ჩვენს მოსახლეობასაც, ჩვენს მეგობრებსაც დასავლეთში თუ სხვაგან და ჩვენს არაკეთილმოსურნეებსაც შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენი ოჯახი არის ევროპა და ჩვენს ევროპულ იდენტობას მუდმივად ხაზი უნდა გავუსვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი საზეიმო ღონისძიებაც ამის დასტურია.
„სწორედ იმის გამო, რომ საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ეს ზეიმი გაეკეთებინა, რომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი ევროპული იდენტობის შესახებ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და აუცილებლად ვიქნებით სრულფასოვანი წევრები ევროკავშირისაც, ნატო-სიც და ეს არის ჩვენი ოჯახი. ეს არის გზა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ეს არის გზა, რომ აღარ მოხდეს ადამიანების გატაცებები, აღარ იყოს შემდეგი ვაჟა გაფრინდაშვილი და რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს, თავის საყვარელ საქმეს და სახლს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.