სოზარ სუბარი - ჭუბერში ექვსი-შვიდი სახლი საფრთხის ქვეშ რჩება და მათ გადარჩენაზე ვმუშაობთ
ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანდა ალტერნატიული გზაც, რომლის საშუალებითაც შვიდ სოფელთან ხერხდებოდა დაკავშირება, – ამის შესახებ პირველი არხის პირდაპირ ეთერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ გზაზე ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია, თუმცა ფეხით გადაადგილება ჯერ კიდევ შეიძლება.
„მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა 21 სახლიდან. ამ სახლების აბსოლუტურ უმრავლესობაში საფრთხე ჩავლილია, მაგრამ მაინც ვუფრთხილდებით მოქალაქეების სახლში შეშვებას. 6-7 სახლი რჩება საფრთხის ქვეშ და მათ გადარჩენაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, მდინარე ნენსკრაში წყლის დონე არ მომატებულა. როგორც სუბარმა აღნიშნა, დღეს საღამოს საათებიდან ელოდებიან წყლის დონის დაკლებას.