მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში მოსახლეობამ კონკრეტული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებები წარადგინეს, რომელთაგან ნაწილი სწრაფად გადაწყვეტადია, ნაწილი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.
„მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების პრობლემა. მაგალითად ვიღაცის მანქანა არის გაჩერებული, არ უბრუნებენ. ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში მარტივია, ჩავალ თბილისში და მოვიკითხავთ, თუ იქნება კანონიერი დავაჩქარებთ დაბრუნებას, თუ დარღვევაა, დარღვევით არავინ უნდა იმუშაოს. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. ამნისტია შესაძლებელია, თუმცა ეს უნდა იყოს ერთიანი მთელს ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ვერ იქნება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდნენ. ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვის მინისტრმა მიაწოდა.
26 ივლისს შემოსავლების სამსახურმა ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების შემოწმება დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოყვა. თითქმის მთელი დღე გადაკეტილი იყო ზუგდიდი- ჯვარი- მესტიის დამაკავშირებელი გზა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ძირითადად ხე-ტყის დამუშავებით არიან დაკავებულნი და სხვა შემოსავლის წყარო მათ არ გააჩნიათ.