სოზარ სუბარი - ცე ჰეპატიტის პროგრამა იყო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება
ცე ჰეპატიტის პროგრამა უშუალოდ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, – განაცხადა რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის თქმით, პროგრამაზე მსჯელობა არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სახალხო დამცველად მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო და მთავრობას ორ-სამ თვეში წარედგინა.
„არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მაშინ ჩემთან მუშაობდა, მითხრა, რომ ახლა გვქონდა პროგრამის განხორციელების შანსი. მივედით დავით სერგეენკოსთან, რომელმაც გვითხრა, დავიწყოთ ციხეებში ყველა პატიმრის უფასო მკურნალობა და პროგრამაზე მუშაობა. ამ სფეროში აქტიური არასამთავრობოები არ იჯერებდნენ, რომ ხელისუფლება იქით სთხოვდა დახმარებას. როცა მთავრობას არჩილთან ერთად პროგრამა წარვუდგინეთ, გაოცებული ვიყავი, ბატონმა ბიძინამ იმდენად ღრმად იცოდა პრობლემის ნიუანსები. მისი ბოლო კითხვა იყო, იცოდა თუ არა პროგრამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ, რაზეც ვუპასუხეთ, რომ იგი პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო. ერთი კვირა მოგვცა იმისთვის, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით. დავით სერგეენკოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელთან შეჭიდება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ ცე ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა.
„პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს ცე ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, რადგან ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული. სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს მისწერა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, გამოკვლევა ჩაუტარდა ყველა პატიმარს და შედეგი იყო თავზარდამცემი – 49,5 პროცენტი, ანუ ყოველი მეორე პატიმარი დაავადებული იყო. განსაკუთრებით მაღალი იყო ქალთა დაწესებულებაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 60 პროცენტამდე აღწევდა.