სოზარ სუბარი - ბოლნისისა და რაჭისუბანის ცალკე საკარანტინო ზონად გამოყოფა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად გაზრდამ განაპირობა, ვიწყებთ ფართო სკრინინგს, რათა ყველა კერა აღმოვფხვრათ
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ქვემო ქართლში, ცალკე საკარანტინო ზონების გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
საერთო ჯამში, საუბარია ქვემო ბოლნისზე, სავანეთზე, ქალაქ ბოლნისსა და რაჭისუბანზე, ასევე ქალაქ კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებზე.
სუბარის თქმით, ქალაქ ბოლნისისა და რაჭისუბანის დაკეტვაზე გადაწყვეტილება უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად გაზრდას უკავშირდება, ხოლო კაზრეთი და სოფელი ბალიჭები ცალკე საკარანტინო ზონად გამოცხადდა, რადგან ადგილზე კომპანია „არემჯი“ მუშაობს, ხდება ბევრი ადამიანის თავშეყრა და ინფექციის გავრცელების საფრთხე უნდა გამოირიცხოს.
„იცით, რომ დიდი ხანია, მარნეული და ბოლნისი გამოცხადებულია მკაცრ საკარანტინო ზონად, თუმცა იმის გამო, რომ იქ გავრცელების პატარ-პატარა კერები იჩენდა თავს, პერიოდულად მივიღეთ გადაწყვეტილება და შიგნით რამდენიმე ადგილი გამოვყავით, სადაც აეკრძალათ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა.
პირველი ასეთი იყო ქვემო ბოლნისი. ზომებმა ის შედეგი მოგვცა, რომ ექვსზე გაჩერდა და აღარ გაიზარდა ამ სოფელში დაინფიცირებულთა რაოდენობა. შემდეგ იყო სავანეთი, სადაც ხუთი ადამიანი არის ინფიცირებული.
დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნება გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან.
ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და ვინაიდან სამედიცინო პერსონალს ბევრ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე – ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული“, – განაცხადა სუბარმა.
სუბარის თქმით, იწყება ფართო სკრინინგი, ტესტირება, რათა ინფიცირების ყველა კერა ბოლომდე აღმოფხვრან.
„ამიტომ, ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას და ტესტირებას პრაქტიკულად, რომ ბოლომდე აღმოფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული შესაბამის კლინიკებში გადავიყვანოთ.
გეოგრაფია ზუსტად რომ იცოდეთ, სავანეთისა და ქვემო ბოლნისისა, დღეს, ბოლნისი და რაჭისუბანი არის გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან. თავად რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც გაკეთებულია საზღვარი, შლაგბაუმი, სულ 5 საკონტროლი პუნქტია. ერთმანეთში მიმოსვლა მაქსიმალურად შემცირებულია.
მოსახლეობა კარანტინის პირობებს მთლიანობაში იცავს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისსა და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია, რადგან 47-ს მიაღწია დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.