სოზარ სუბარი - ბიზნესმენს, რომელიც სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და მოსახლეობას დაასაქმებს, სახელმწიფო საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს
ნებისმიერ ბიზნესმენს, რომელიც გადაწყვეტს, რომ სამგორის რაიონში ბიზნესი წამოიწყოს და სამგორის მოსახლეობა დაასაქმოს, სახელმწიფო, არსებულ ტერიტორიაზე საჭირო ინფრასტრუქტურას თავად მოუწყობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა მოსკოვის გამზირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვის გამზირზე რეაბილიტაცია უტარდება ბულვარს, სადაც ველობილიკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობაც არის გათვალისწინებული. პროექტის ღირებულება 3 500 000 ლარს შეადგენს. 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ მოსკოვის გამზირზე ხუთი სკვერი/დასასვენებელი სივრცე, ხუთი ფიტნესზონა მოეწყო. რამდენიმე კვარტალში გამოიცვალა კანალიზაციის სისტემა და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურაც.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება ამორტიზებულ ლიფტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ პრობლემაზე უკვე მუშაობს და მალე მოხდება მათი ახლით ჩანაცვლება. მან ასევე ისაუბრა დასაქმების პრობლემაზე. სოზარ სუბარის განცხადებით, ბიზნესმენს, რომელიც სამგორის რაიონში ბიზნესს წამოიწყებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს, სახელმწიფო ინფრასტრუქტურას უფასოდ გაუკეთებს და ეს იქნება ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, მით უმეტეს, რომ სამგორის რაიონს აქვს ასეთი თავისუფალი ტერიტორიები.