სოზარ სუბარი - ბიძინა ივანიშვილთან რაზე იყო შეხვედრა და საუბარი სამი საათის განმავლობაში, ამაზე ყველაზე კარგად ისევ კელი დეგნანს შეუძლია, ისაუბროს
ბიძინა ივანიშვილთან რაზე იყო შეხვედრა და საუბარი სამი საათის განმავლობაში, ამაზე ყველაზე კარგად ისევ კელი დეგნანს შეუძლია, ისაუბროს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კითხვები ძალიან ბევრია და ეს კითხვები დასვეს ელჩის მისამართით.
„ერთ-ერთი კითხვა იყო, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს შეხვედრა შედგებოდა მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი შეხვედრა იყო დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან. ვიცით, რაზე იყო იქ საუბარი და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამის შემდეგ ექნებოდათ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მცდელობა. ძალიან უცნაური იყო კელი დეგნანის მიკიბულ-მოკიბული პასუხი, დიდი ხანია არ შევხვედრივარ, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა არ შევხვედრივარო. ამ პასუხს აურა გვერდი. ისიც ფაქტია, რომ როდესაც სამსაათიანი შეხვედრაა და ამ შეხვედრას ითხოვს ელჩი, ეს არ არის ის, რომ მომენატრე და ჩაი დავლიოთ ერთად. საუბარი უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზულ თემებზე, მით უმეტეს, როდესაც ამ ყველაფერს ერთვოდა ისეთი მოვლენები, როგორიცაა მოწოდებები ომისკენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ; როდესაც ამას თან ერთვოდა არაფორმალური სანქციების თემა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ ყველაფრის ფონზე, გასაგებია, რომ როდესაც შეხვედრა შედგა, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა აიკინძოს და დარწმუნებული ვარ, თუ ომში ჩართვაზე არა, მინიმუმ იმაზე მაინც იქნებოდა საუბარი, რომ პოლიტიკაში დაბრუნებულიყო და რაღაც შეეცვალა იმ სამშვიდობო პოლიტიკაში, რასაც ატარებდა ხელისუფლება.
რას სთხოვდნენ ბიძინა ივანიშვილს და რას არა, ამაზე მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ „ქართული ოცნება“ სწორედ იმიტომ დავტოვეთ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და იმედია, არ გახდება მათი თქმა საჭირო. როგორ და ვისგან ხდებოდა ზეწოლა, რომ საქართველოს რაღაცნაირად გადაედგა ის ნაბიჯი, რაც დამღუპველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილთან რაზე იყო შეხვედრა და საუბარი სამი საათის განმავლობაში, ამაზე ყველაზე კარგად ისევ კელი დეგნანს შეუძლია, ისაუბროს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.