სოზარ სუბარი - ბევრი შეხვედრა ყოფილა ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის დახურულ კარს მიღმა, ძალიან არ გვინდა, გავხდეთ იძულებული, გამოვიტანოთ საჯაროდ
სოზარ სუბარი - ბევრი შეხვედრა ყოფილა ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის დახურულ კარს მიღმა, ძალიან არ გვინდა, გავხდეთ იძულებული, გამოვიტანოთ საჯაროდ

ბევრი შეხვედრა ყოფილა ჩვენსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის დახურულ კარს მიღმა, ძალიან არ გვინდა, გავხდეთ იძულებული, გამოვიტანოთ საჯაროდ ის, რაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, რადგან ნამდვილად არ წაადგება ქართველი ხალხის ნდობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული მეგობრების დახმარების წვლილი განუზომელია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმაში, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ველოდები, რომ ქალბატონი დეგნანის მხრიდან უფრო მკაფიო პასუხები მოვისმინოთ. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, არამედ ბევრი კითხვაა, რასაც აღარ ჩამოვთვლი, რადგან ამ დღეებში ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ ერთ თემას კიდევ გავიმეორებ, რადგან დღეს, მოსამართლეების საკითხის ფონზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს არის ერთგვარი დაყოფა ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის თუ ჟურნალისტების რაღაც ნაწილად, რომლის ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, გარკვეულ მოწონებას იმსახურებს ქალბატონი დეგნანისგან და მეორენი, პირიქით, მიუღებელნი არიან. აქ იგულისხმება მის მიერ გაკეთებული წვეულებაც, სადაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომლებიც გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოებული არიან. ასევე, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მიიწვია ის ადამიანი, ვატო წერეთელი, რომელიც შეიჭრა საქართველოს პარლამენტში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კანონი, ჩაიდინა კრიმინალი, რასაც, სამწუხაროდ, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, იქ შემდეგ სკანდალს აწყობს და ამ დროს მიწვეული არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი, რომელიც არის ყველაზე ნეიტრალური ორგანო საქართველოში. კარგი იქნება, ასეთი ეჭვების საფუძველი რომ არ იყოს ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს უფრო მეტი, ვიდრე იცის.

„ჩვენი კომუნიკაციის მთავარი ფორმა არის კითხვების საჯაროდ დასმა, რადგან საზოგადოება იმსახურებს იცოდეს უფრო მეტი, ვიდრე იცის და ველოდებით პასუხებს საჯაროდ. დახურულ ფორმატში ბევრჯერ შედგა კომუნიკაცია დახურულ ფორმატში და ამის შინაარსი ჩვენ ვიცით, სწორედ ამან შეგვაშფოთა და გვაიძულა, რომ გადაგვედგა ის ნაბიჯები, რომ ბევრი კითხვა ღიად გამოგვეტანა და ბევრიც ჯერ კიდევ არ გამოგვიტანია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ველოდებით, რომ მივიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც უკვე დაისვა. ჩვენ ძალიან არ გვინდა, გავხდეთ იძულებული გამოვიტანოთ საჯაროდ ის, რაც ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, რადგან ნამდვილად არ წაადგება ქართველი ხალხის ნდობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ. საქართველო ბოლო 30 წლის განმავლობაში დგას ჩვენი სტრატეგიული მეგობრების დახმარებაზე, განუზომელია მათი წვლილი, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათი დახმარება იმაში, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება გამჭვირვალე ურთიერთობები და ზოგჯერ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც გარკვეულ უხერხულობებს ქმნის ამ ურთიერთობებში“,- განაცხადა სუბარმა.