სოზარ სუბარი - ბედნიერები ვიქნებით, როდესაც დევნილთა სამინისტროს არსებობის საჭიროება აღარ იქნება
ცხადია ყველანი, თქვენც, ჩვენც ვიქნებით ბედნიერები, როდესაც აღარ იქნება საჭიროება, არსებობდეს ისეთი სამინისტრო, როგორიც არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დარჩენასთან დაკავშირებულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ბედნიერები ვიქნებით, როდესაც სამინისტროს არსებობის საჭიროება აღარ იქნება, ამისთვის ჩვენი მთავარი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა მანამდეც ცხადია, ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ თითოეულ დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების საშუალება და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით თანხა ათი მილიონით იზრდება“,- აღნიშნა მინისტრმა.
როგორც სუბარმა განაცხადა, სტრუქტურული ცვლილებების მთავარი მიზანი მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირებაა.
„მთავრობის სხდომაზე დღეს განხილული იყო უზარმაზარი დოკუმენტი. თითქმის ათას გვერდამდეა ეს დოკუმენტი, რადგან მთლიანობაში ასამდე კანონში შედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ამ სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც დღეს ტარდება მთავრობაში. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდა და ბიუროკრატიის შემცირება. ხშირად არის საუბარი ამ სამინისტროების გაერთიანებულ ბიუჯეტზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბიუჯეტების 90%-ზე მეტი არის კონკრეტული განსახორციელებელი პროექტები და ეს პროექტების თანხა არათუ რჩება უცვლელი, არამედ გაიზრდება კიდეც, სწორედ იმ ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე. მაგრამ, როცა ვლაპარაკობთ ბიუროკრატიულ ხარჯზე, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ, რადგან მართლა ძალიან მცირე ნაწილია ის, რაც იხარჯება ხელფასებზე. ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის სწორედ ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა მინისტრმა.