სოზარ სუბარი - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისია საქმეს ბოლომდე მიიყვანს
აზერბაიჯანი არა მხოლოდ დღეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, არამედ ასწლეულების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ყოფილიყო, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების გზით გადაწყდება და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისია საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. უამრავი საერთო რამ გვაკავშირებს, მაგრამ ის არა მხოლოდ დღეს არის სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელი, არამედ ასწლეულების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, ამ ქვეყანას და ამ ორ ხალხს შორის დაძაბულობა ყოფილიყო. რაც შეეხება დავით გარეჯის საკითხს, ეს ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ძალიან გულთან ახლოს მიაქვს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. დავით გარეჯი არის ფაქიზი თემა, თავის დროზე იქიდან პოლიგონის გადატანისთვის ვიბრძოდი, დავით გარეჯში ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მონასტრის კურთხევა როდესაც მოხდა, იქ ვიყავი. სხვანაირად გულთან მიმაქვს ეს საკითხი, მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყდება მეგობარ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების გზით და კომისია, რომელიც მუშაობს, ამ საქმეს მიიყვანს ბოლომდე ისე, როგორც ამას ისტორიული სამართლიანობა და საერთაშორისო შეთანხმებები მოითხოვს. არ ველოდებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან, რომ სხვანაირი მიდგომა იქნება. ეს მოითხოვს ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ მუშაობას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.