სოზარ სუბარი - არ ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკური სიხისტე, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული ადამიანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პრინციპული ადამიანია, რაც გამოიხატება ღირებულებების დაცვაში, ქვეყნის მსახურებასა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობაში.
როგორც სუბარი ამბობს, ევროკავშირი საქართველოს მომავალს ხედავს, რისი ნათელი დასტურიც ღარიბაშვილის წარსულში გაწეული საქმიანობაა.
„არ ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკაში სიხისტე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ ლაპარაკია პრინციპულობაზე, დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული ადამიანი. პრინიციპული თავისი ღირებულებების დაცვაში, პრინციპული თავისი ქვეყნის სამსახურში, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობაში. პრინციპული იმაში, რომ საქართველოს მომავალს ხედავს ევროკავშირში და ამის ნათელი დასტურია მისი წარსული საქმიანობა. ის არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ოპოზიცია თუ სხვა რამეს გულისხმობს, განმარტონ, რას გულისხმობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.