სოზარ სუბარი - არ მილაპარაკია კობახიძესთან და, მით უმეტეს, ვარჰეისთან, თუმცა, როდესაც ტერორისტული აქტის მოხსენიება ხდება, რომ ფრთხილად იყავითო, ეს გარკვეულწილად არის მუქარაც და გაფრთხილებაც
არ მილაპარაკია ირაკლი კობახიძესთან და, მით უმეტეს, ოლივერ ვარჰეისთან, თუმცა, როდესაც მსგავსი ტერორისტული აქტის მოხსენიება ხდება, რომ ფრთხილად იყავითო, ეს გარკვეულწილად არის მუქარაც და გაფრთხილებაც, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარის თქმით, ძალები, რომლებიც ასე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი.
„მათთვის მართლა არ არსებობს არანაირი მუხრუჭი. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან დასავლეთი და დასავლეთის დემოკრატია ჩემთვის დღემდე ჯერ კიდევ რჩება დემოკრატიის ციტადელად და სტანდარტად, მიუხედავად მათი ორმაგი სტანდარტებისა. იმედი მაქვს, საბოლოოდ არ დაიმსხვრევა არც ჩემში და არც ქართველ ხალხში ეს აღქმა დასავლური დემოკრატიის მიმართ“, – აღნიშნა სუბარმა.
ამასთან, როგორც სუბარმა განაცხადა, როდესაც დასავლური დემოკრატიის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს, ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს.
„ის, რაც დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და პროკურორებთან დაკავშირებით ხდება, გამაოგნებელია. როდესაც ჰააგის სასმართლოს გამოაქვს დევნის გადაწყვეტილება, მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნებზე ან რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, თუ ამას მივესალმებით და. სამაგიეროდ, როდესაც ისინი გამოიტანენ გარკვეულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, ბენიამინ ნეთანიაჰუზე, ამაზე დასვლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი, პირიქით, სანქციებს გამოუტანენ იმ პროკურორებს დa მოსამართლეებს, რომლებიც გაბედავენ და მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და სრულიად შეუსაბამო დემოკრატიის სტანდარტთან. მეტიც, ის, რაც მოვისმინე ჰააგის პროკურორისგან, მართლა გამაოგნებელი იყო. მან თქვა, თითქოს მას დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ უნდა გაითვალისწინოთ და კარგად იცოდეთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შექმნილია ავტორიტარული რეჟიმებისთვის – აფრიკისთვის, აზიის ქვეყნებისთვის და არა ევროპისა და ამერიკის ან მათი მეგობრებისთვის.
მე კიდევ ასე მესმის მართლმსაჯულება, რომ მართლმსაჯულება ყველა შემთხვევაში ერთიანია, ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს დავეთანხმო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს, თითქოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაიმე დანაშაული ჩაიდინა ან ვინმემ რამე დანაშაული ჩაიდინა. ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს. თუმცა, როდესაც იწყება მუქარები და პირდაპირი განცხადებები, რომ ეს სასამართლო და პროკურატურა შექმნილია ვიღაცისთვის და ვიღაცას არ უნდა შეეხოს, ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ქართულ კანონთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგალითად, თურქეთისა და საფრანგეთის შემთხვევაში, რომლებმაც გაცილებით მკაცრი კანონები მიიღეს ამ დღეებში, ამავე თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
აღნიშნულ განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.