სოზარ სუბარი არ იზიარებს Freedom House-ის შეფასებას, რომ 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებას, რომ 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია, ვერ გავიზიარებ, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველოში სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება შეუქცევადი პროცესია.
„აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ და ვერ დავეთანხმები, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით როცა საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ზოგიერთი ექსპერტი, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს, გასულ საანგარიშო წელს მოხდა „იმედში” შეჭრა და მისი დარბევა, გასულ საანგარიშო წელს დაუშინეს ტყვიები „იბერიას”, გასულ საანგარიშო წელს წაართვეს ,„რუსთავი 2″ დავით დვალსა და სხვა მფლობელებს, გასულ საანგარიშო წელს გაუთიშეს მაუწყებლობა „კავკასიასა“ და „25-ე არხს”, გასულ საანგარიშო წელს დაიჭირეს ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები და ჯაშუშობის აბსურდული ბრალდება წაუყენეს, ეს არის არასერიოზული, რასაც პოლიტიკოსები ამბობენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება Freedom House-ის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველოს დემოკრატიული ფუნქციონირების მთავარ დაბრკოლებად არაფორმალური მმართველობაა დასახელებული, სუბარის აზრით, არაფორმალური მმართველობის თემა რამდენიმე ადამიანის მიერ არის მოგონილი, რომელსაც საზოგადოების ნაწილიც იზიარებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
კერძოდ, დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა 4,25 ქულით არის შეფასებული, რაც 2016 წლის შედეგთან შედარებით 0,25-ით ნაკლებია.