სოზარ სუბარი - არ არის სამართლიანი, როცა უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი, კანდიდატობის კანდიდატობას, ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, მოატყუოს საზოგადოება, რასაც სჭირდება სიმართლის თქმა
მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება – ეს არის სიტყვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით, მაგრამ როცა უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატობას, ჩვენ კი ვხდებით კანდიდატობის კანდიდატი, ეს არ არის სამართლიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ ამის დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნება“.
ამავდროულად, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მოლდოვაში მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, ბოლო არჩევნებამდე კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ, და ამ დროს, საქართველოს აძლევენ კანდიდატობის კანდიდატობას.
„საქართველოში ევროკავშირის მიმართ საოცრად მაღალი მხარდაჭერაა და ეს მხარდაჭერა უპრეცედენტოდ გაიზარდა ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო. იყო ჩვეულებრივ 60-70%, ახლა კი არის 85%. განსხვავებით იგივე მოლდოვისგან, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 50% მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუმინეთის მოქალაქეობაც აქვს. ბოლო არჩევნებამდე სულ კომუნისტური პარტია ან მასთან კოალიციაში მყოფი ძალები იმარჯვებდნენ. ამ დროს, ჩვენ გვაძლევენ არა კანდიდატობას, არამედ კანდიდატობის კანდიდატობას, რაც არაფერს ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის დაფიქსირება – ეს არის სიტყვა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვითხოვდით და ველოდებოდით, მაგრამ როდესაც ის ორი ქვეყანა ხდება კანდიდატი, ჩვენ კი კანდიდატობის კანდიდატი, ეს არ არის სამართლიანი. ეს იწვევს სერიოზულ ტურბულენტობას საზოგადოებაში. ოპოზიციას გაუჩნდა შანსები, რომ მოატყუოს საზოგადოება და თქვას, რომ ამის დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნება“. ამას სჭირდება სიმართლის თქმა და ზოგჯერ სიმართლე არის ის, რასაც კულუარებში გვეუბნებიან და რის სააშკარაოზე გამოტანასაც ერიდება ხელისუფლება“, – აღნიშნავს სოზარ სუბარი.
ამასთან, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქართველო და მოლდოვა თუ ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ საქართველოსთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი.
„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ საქართველო და მოლდოვა ებმებიან ომში. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი არის არა ერთგან, არამედ ორგან და სამგან. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში – ფრონტის ხაზი გაშლილია რამდენიმე ათას კილომეტრზე, თუმცა აქტიური საომარი მოქმედებები ხდება ერთ კონკრეტულ წერტილში, შემდეგ მეორე წერტილში, შემდეგ მესამე წერტილში.
თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთს ბევრად გაუძნელდება ომი. მხოლოდ სადმე შეჭრა კი არაა ომი, აღებულ ტერიტორიას სჭირდება დაკავება, გამაგრება და დამატებითი ძალა. ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში დაიწყო ლაპარაკი, რომ რუსეთს რაკეტები აღარ აქვს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღე სულ უფრო მეტი რაკეტა მიდის, მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე – იბომბება მოსახლეობა, საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრები. რა დღეში იქნებოდა საქართველო, ადვილი წარმოსადგენია. კი, რუსეთისთვის ეს იქნებოდა მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის იქნებოდა გამანადგურებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.