სოზარ სუბარი - ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია, ნიკა მელიას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე
სოზარ სუბარი - ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია, ნიკა მელიას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე

ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია, ნიკა მელიას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, თავად გადაიხდის გირაოს, მიიღებს ევროკავშირის შემოთავაზებას თუ დაელოდება ამნისტიას.

„ნიკა მელის ყოველთვის შეეძლო, გირაო გადაეხადა და არ შესულიყო ციხეში, გადაეხადა აქამდე და გამოსულიყო. შეუძლია, დღესვე გადაიხადოს, შეუძლია, ხვალ, შეუძლია, მიიღოს ევროკავშირში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის მზადყოფნა, რომ გადაიხადოს გირაო და ამით გამოვიდეს. ეს არის მისი გადასაწყვეტი. თუ არ გადაიხდის, დაელოდება ამნისტიას. მას შეუძლია, უარი თქვას ამნისტიაზე. არვის თანხმობა არ სჭირდება, ამნისტია ავტომატურად შედის ძალაში ყველა პირის მიმართ, ვინც იმ კონკრეტული სამი მუხლით არ არის ბრალდებული.

ევროკავშირის მიზანი იყო, ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისთვის მიეღწია და მგონი, გაოცებულები არიან, როცა ხედავენ, რომ ოპოზიციური ძალებს, რომლებიც ევროკავშირის გამოწვდილ ხელს ხელს უკრავენ და არ მიდიან არანაირ თანხმობაზე. ამით ყველამ ძალიან კარგად დაინახა, სინამდვილეში ვინ არის დესტაბილიზაციის მოსურნე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ამას უკვე ღიად ამბობს ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა. არანაირი პოლიტპატიმარი საქართველოში არ არის.

ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები. ეს შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს წამებასთან გათანაბრებული დანაშაული, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ჩაიდინეს, ასეთ ადამიანებს არ შეეხებათ ამნისტია. ესეც გადახვევაა იმ გაგებით, რომ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ მთლიანად უნდა დაიხუროს 20 ივნისის ამბავი, რაც გულისხმობს, რომ პრაქტიკულად ყველას უნდა შეხებოდა. ჩვენი კანონპროექტი რასაც ითვალისწინებს, არის უფრო მკაცრი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მიშელის დოკუმენტი. შესაბამისად, მისი გამოწვევა ვერ მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.