სოზარ სუბარი - ამერიკას ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო FARA-ში ჰყავს შეყვანილი, ეს არ ნიშნავს, რომ მტრებს ებრძვის, მაგრამ მიაჩნია, რომ საჭიროა გამჭვირვალობისა და უსაფრთხოებისთვის
ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, პრაქტიკულად, გამონაკლისის გარეშე, FARA-ში ჰყავს შეყვანილი ამერიკას, იმიტომ კი არა რომ მტრები არიან, იმიტომ, რომ როგორც კი რომელიმე ქვეყნიდან რაღაც დაფინანსება მოხვდა ამერიკის კონკრეტულ პირთან ან კონკრეტულ ორგანიზაციაში, ავტომატურად ხვდება ამ რეესტრში და არავინ ზღუდავს ამ ქვეყნებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიდინარეობს.
„ამერიკისთვის ევროკავშირის ქვეყნები, ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან სტრატეგიული მოკავშირეებიც, მეგობრებიც, და ეს არ ნიშნავს, რომ მტრებს ებრძვის ამით, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს საჭიროა გამჭვირვალობისთვის, მათ შორის უსაფრთხოებისთვისაც, რომ რამე არ გაეპაროს და საზოგადოებამ რომ იცოდეს. იგივე გავაკეთოთ ჩვენც, სხვას ხომ არაფერს ვითხოვთ, არა? გადმოვიღოთ ამერიკის პრაქტიკა. ამერიკის თავდაცვის ინტერესი რა არის, რომ დანია მტერია და რამე ემუქრება მას? თუ დანიიდან საქართველოში არ შეიძლება შემოვიდეს თუნდაც რუსული ფული? მილიონი ასეთი საფრთხე შეიძლება არსებობდეს მილიონი მხრიდან. და ჯერ ერთი, რაც ევროპაში ექსტრემისტული ორგანიზაციებია, საიდან ფინანსდებიან, ან რა ფინანსებია და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, კაცმა არ იცის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.