სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემაში მძიმე შეფერხებებს გამოიწვევს
სასამართლო რეფორმა, რომელიც ახლა შემოსულია პარლამენტში, სიტყვა-სიტყვით იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტს და ჩვენ მოვალენი ვართ, ეს შევასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემაში მძიმე შეფერხებებს გამოიწვევს.
„პირველ რიგში ვიტყვი ჩემს შეფასებას საქართველოს სასამართლოების დამოუკიდებლობაზე და რამდენად კარგად მუშაობს სასამართლოს სისტემა. მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, არსებობს კრიტერიუმები, რომლებსაც ვერ შეცვლი. ესეთი კრიტერიუმია, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში 6-7-ჯერ არის შემცირებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წასული საჩივრების რაოდენობა და საჩივრების რაოდენობა საქართველოდან არის უფრო ნაკლები, ვიდრე წამყვანი და მაღალი დემოკრატიის მქონე ევროპული ქვეყნებიდან, ყოველ ერთ მილიონ კაცზე რომ ავიღოთ, საშუალო მაჩვენებელი. ეს მეტყველებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და მუშაობს საკმაოდ კარგად. ასევეა კიდევ ერთი კომპონენტი, იბსო-ს საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, ნდობა საქართველოს სასამართლოსადმი არის მკვეთრად გაზრდილი და არის დაახლოებით იგივე, რაც არის წამყვან ევროპულ ქვეყნებში.
რაც შეეხება ამ წუთში მიმდინარე პროცესებს, ის რეფორმა, რომელიც ახლა შემოსულია პარლამენტში და რომელიც ახლა ტარდება, სიტყვა-სიტყვით იმეორებს შარლ მიშელის დოკუმენტს და ჩვენ მოვალენი ვართ, რომ ეს შევასრულოთ. სხვანაირად გამოვიწვევთ შეფერხებებს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში და მგონია, რომ ახლა ამის შეჩერება არ იქნება მართალი. ჩემი აზრით, შეჩერება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიწვევთ თუ კოლაფსს არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მძიმე შეფერხებებს საქართველოს სასამართლო სისტემაში“,- განაცხადა სუბარმა.