სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ დგას
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სოფელ ლენჯერში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ დგას. სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოთხოვნის გაჩენისთანავე, საკითხი მალევე წყდება.
„მსგავსი პრობლემა არ არსებობს და თუ არსებობს, თუ რომელიმე პროდუქტზე გაჩნდა მოთხოვნა, ეს არის საათების თემა, რომელშიც ეს მოგვარდება. უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობს, ჩართულია საქმეში. მესტიაში პროდუქტებით მომარაგების პრობლემა არ არსებობს. მაგალითად, დღეს დაიწერა, რომ სოფელ ბეჩოში არის პროდუქტების ნაკლებობა. ზუსტად 15 წუთში ჩამიყარეს იმავე სოფლიდან, ბეჩოდან მაღაზიის სურათები, სადაც მსგავსი პრობლემა არ არსებობს. შეიძლება, რამე ერთ კონკრეტულ პროდუქტზე გაჩნდეს სადმე პრობლემა, მაგრამ ეს დისკომფორტს ნამდვილად არ შექმნის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.