სოზარ სუბარი - 30-მდე ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია, რომელთა გადმოყვანაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მოხერხდება
სოზარ სუბარი - 30-მდე ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია, რომელთა გადმოყვანაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მოხერხდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ სოფელ ჭუბერში ძირითადი საფრთხე გადავლილია.

სოზარ სუბარი მდინარის მეორე ნაპირზეა გადასული, რომელი მხარეც მოწყვეტილია გარესამყაროს.

როგორც მინისტრმა პირველ არხს განუცხადა, ადგილზე დიდი რაოდენობით ტექნიკაა შესული და გზების აღდგენას იწყებს.

„ძირითადი საფრთხე გადავლილია, რადგან მდინარის დონე სტაბილურია და პირველ ნაკადთან შედარებით  2-3 მეტრით არის დაკლებული. დიდი რაოდენობით ტექნიკა არის შემოსული, თუმცა ყველგან მუშაობა ვერ ხერხდება. მდინარის შუაგული არის ჩახერგილი, ხე-ტყის მასალა მდინარეს კალაპოტს უცვლის და იქ მისვლა არის შეუძლებელი. ტექნიკის გამოყენებით ვცდილობთ, აღვადგინოთ გზები და გავამაგროთ ნაპირები ისე, რომ ახალი მიწები არ წაიღოს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, დღეს დილას ერთი სახლი მთლიანად წაიღო მდინარემ და საფრთხე ემუქრება კიდევ შვიდ სახლს.

„წაღებულია არაერთი დამხმარე ნაგებობა და გზის ძალიან ბევრი მონაკვეთი. მთელი ღამის განმავლობაში დავდიოდით მონიტორინგზე.  მთელი დღის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს მთავრობის ყველა იმ წევრთან, რომელსაც შეუძლია დახმარება, პირველ რიგში მაია ცქიტიშვილთან, რომელიც ახდენდა ტექნიკის მობილიზებას. ტექნიკა საღამოსვე შემოვიდა და დაიწყო მუშაობა.  პრემიერ-მინისტრი ძალიან მალე იქნება სოფელში და უშუალოდ ნახავს იმ ვითარებას, რაც აქ არის”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, 30-მდე ადამიანი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, თუმცა მათ საფრთხე არ ემუქრება.

„ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ, 30 ადამიანი მოწყვეტილია გარესამყაროს, მათ შორის არიან ტურისტები, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონიდან არიან ჩამოსული. მათ საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა რამდენიმე მათგანს აქვს სურვილი, რომ დატოვოს იქაურობა. ახლა ვაკეთებთ მობილიზებას, რომ ისინი გადმოვიყვანოთ, როგორც კი ამინდი მოგვცემს ამის საშუალებას. დაახლოებით 10-მდე ადამიანი სავარაუდოდ დატოვებს იმ ადგილს, სადაც ახლა ისინი არიან.  ადგილი დაცულია, უბრალოდ ისინი მოწყვეტილი არიან გარესამყაროს, რადგან იქ არანაირი გზა არ მიდის და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ ის ნაწილი გამოვიყვანოთ, რომელთაც ამის სურვილი აქვთ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოფელ ჭუბერში, სტიქიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.