სოზარ სუბარი - 2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა იმ არასამთავრობოთა რეესტრის შექმნას, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან
2016 წელს ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუღუში ჩვენთან არის, ოთხი ავტორი ჰყავს ამ კვლევას, კვლევას ჰქვია „უცხო ქვეყნების სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში“, ერთ-ერთი პუნქტია, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო იურიდიული პირები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, ამას ითხოვდა ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით 2016 წელს და საინტერესოა, რა შეიცვალა დღეს.
„პირველ მოდელს წავიკითხავ. პირველი – უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში რეგისტრირებული ის არასამეწარმეო იურიდიული პირები, ანუ არასამთავრობოები, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებიან; მეორე – რეესტრში პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება გრანტის გამცემს, ანუ დონორსა და გრანტის მიმღებს შორის უნდა შეიცავდეს: გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი/დონორი უყენებს გრანტის მიმღებს; მესამე – საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსების მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რეესტრში წარადგინოს საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია; მეოთხე – საქართველოს კანონმდებლობით ცალსახად უნდა განისაზღვროს ამ მონაცემების და დოკუმენტაციის გამჭვირვალობა. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის; ბოლო პუნქტი – მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი უნდა იყოს, გადაამოწმოს რეესტრისთვის წარმოდგენილი მონაცემების სისწორე და ამ მიზნით კოორდინირებულად ითანამშრომლოს საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან. აი, ეს არის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორი ევროკავშირის დაფინანსებით ითხოვდა 2016 წელს და მართლა მაინტერესებს, რა შეიცვალა დღეს. ჩვენი კანონპროექტი სიტყვასიტყვით ასახავს ამას, უბრალოდ, გაცილებით ნაკლებ მოთხოვნებს აყენებს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, რომელიც ასევე გვაქვს თარგმნილი და რომელიც გაცილებით მკაცრია“, – განაცხადა სუბარმა.