სოხუმში აცხადებენ, რომ „ოპოზიციის“ აქციაში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ჩასული პირებიც მონაწილეობენ
სოხუმში აცხადებენ, რომ „ოპოზიციის“ აქციაში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ჩასული პირებიც მონაწილეობენ

სოხუმში „ოპოზიციის“ საპროტესტო აქციაში დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან ჩასული პირებიც იღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა აცხადებს.

მისივე თქმით, ფაქტის ერთმნიშვნელოვნად დადასტურება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ოპერატიული ინფორმაცია.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი, რომელიც რაულ ხაჯიმბასთან გამართავს შეხვედრას.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა, „ოპოზიციურ“ ძალებთან მოლაპარაკებებს „სახელმწიფო აგარაკზე“ მართავს. შეხვედრა ე.წ. საზოგადოებრივი პალატის შუამდგომლობით მიმდინარეობს. ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ მოლაპარაკებებზე საკუთარი წევრები, ალბერტ ტოპოლიანი, სოკრატ ჯინჯოლია, ლეონიდ ოსია და რუსლან ხაშიგი გაგზავნა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.