სოსო თოფურიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას, დაპირისპირება მიღებულია, ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს.
„პატივცემულო საზოგადოებავ, მოგმართავთ თქვენ, რომ გაიგოს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს გახლავთ ნომერ პირველი ოპოზიციური ძალა და ძლიერი პოლიტიკოსები?! გუშინ ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყეს! მე ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადოების რიგითი წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემ მიერ ფეისბუქში დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარედგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია! ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში! გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონ რომან გოცირიძემ კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში? დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს!“, – წერს სოსო თოფურიძე.
გარდა ამისა, სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსახლეობა იმედის თვალით შესქეროდა ოპოზიციას, ოპოზიცია კი ამ დროს შიდა დაპირისპირებებით და ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული. თოფურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდნენ გვერდით დგომას, ჩამოიყვანეს და მიატოვეს.
„მე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი ვაზიანებ საერთო საქმეს? რა გინდათ, თქვენს უმოქმედობაზე ხალხმა გაქოთ და ტაში დაგიკრათ?! ვერ ეღირსებით! კატეგორიულად მოვითხოვ, გაასაჯაროვეთ ბოლო ორი წლის „ენმ“-ის ხარჯები, უცხოეთში საიდუმლო ვოიაჟებით დაწყებული, ფორუმებით დამთავრებული. ხალხს ანგარიში ჩააბარეთ თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობაზე. ზოგიერთების ინტრიგებით უკან ვერ დამახევინებთ. მე ვიცავ ქართველი ხალხის მომაკვდავ პრეზიდენტს, ქართველი ხალხის ინტერესს და არავის აქვს უფლება, ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, საქმიანობაზე ისაუბროს“, – აღნიშნა თოფურიძემ.
სოსო თოფურიძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე“ ნიკა მელია უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მისი თქმით, ნიკა მელია თავისი უმოქმედობით ზიანს აყენებს პარტიას და ქვეყანას.