სოსო შატბერაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს, ხელისუფლებაში არეულობის გზით მობრუნდეს
პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი მიმდინარე საკონტიტუციო ცვლილების 2 მოსმენით მიღებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმების გარეშეც შეეძლო ამ ცვლილების გატანა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რეალურად აღნიშნული ცვლილებების ჩაგდება სურთ და მათი მიზანი ხელისუფლებაში არეულობის გზით დაბრუნებაა.
„საქართველოს ვულოცავ ორი მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რადგან არეულობის ნაკლები საბაბი ექნება ე.წ. ოპოზიციას. საბაბი, თორემ მიზეზი ერთია, არეულობის მოწყობა. ამას არც მალავენ. გაიხსენეთ კაკო ბობოხიძის გუშინდელი გამოსვლა, გვინდა, ჩავარდეს ეს პროექტიო. ყველამ ვიცით ეს უნდათ, ჩავარდეს, რომ მერე დაიწყოს არეულობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი მიზანი აქვს – ხელისუფლებაში არეულობის გზით მობრუნდეს. არჩევნებითა და საარჩევნო ყუთით ისინი არც არასდროს მოსულან და ვერც ვერასდროს მოვლენ. ჩვენ და ჩვენი ბევრი თანამოაზრე „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს „ტერორისტულ ორგანიზაციას“. მინდა, გაგახსენოთ, რომ ირაკლი კობახიძემაც კი, ერთხელ „ტერორისტული ორგანიზაცია“ უწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ პროდასავლელები ვართ, რატომ არ ვექცევით ტერორისტულ ორგანიზაციას ისე, როგორც აშშ ტერორისტებს ექცევა? აშშ არ თანამშრომლობს ტერორისტებთან. დასჭირდათ ტერორისტებთან თანამშრომლობა, კოჰაბიტაცია და ახლა რა გამოდის – ნათელაშვილის სარაიაში შეკრებილი ე.წ. ოპოზიცია იბრალებს, ჩვენი დამსახურებაა, რომ ნახევრად პროპორციული სისტემა მივიღეთო, მეორე მოსმენაზე გაირკვა, თურმე, მათი ხმები სულაც არ ყოფილა საჭირო. „ ქართულ ოცნებას“ შეეძლო ეს დამოუკიდებლად. ახლაც შეუძლია, მესამე მოსმენითაც დამოუკიდებლად მიიღოს ცვლილებები ისე, რომ ამ საქმეში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცების“ გარევა საერთოდ არ იყოს საჭირო“, – განაცხადა შატბერაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, შატბერაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტნიორს ეძებს.
მისივე თქმით, ისინი მოლაპარაკებების რეჟიმში არიან ისეთ პარტიებთან, რომლებიც პარტიის ღირებულებებს ემთხვევა.
რაც შეეხება მაჟორიტარების წარდგენას, მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ იმ ოპოზიცურ პარტიებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ არიან დაკავშირებული და მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლებათ, კონკურენტს არ დაუყენებს.
შატბერაშვილი ამბობს, თუ ამ პირობას ხელისუფლება შეასრულებს „მემარცხენე ალიანსიც“ არ დააყენებს კონკურენტებს იმ ოლქებში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ეყოლება კანდიდატი.
„ვეძებთ სერიოზულ პარტნიორს, ის უნდა იყოს ჩვენი თანამოაზრე, ისეთი კი არა, ნათელაშვილთან რომ არიან შეკრებილი და რაღაც მომენტში ერთმანეთს კოცნიან, ხელჩაკიდებულები არიან, რაღაც ყალბ ერთობას უჩვენებენ, შემდეგ გამოვლენ და დაერევიან ერთმანეთს, როგორც მოხდა“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა